შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო. „სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, - განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.
პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი უკვე დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთს თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის შედეგად დაზიანდა ავტომობილებიც. ახმეტის პოლიციისთვის კონფლიქტის მიზეზიც და შედეგებიც ცნობილია. პანკისში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. პოლიციამ ქორწინების თავისუფლების დარღვევის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.