თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ.
პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.