სასამართლოს განცხადებით, არსებითად განხილვის დახურულ სხდომებზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნეს დამნაშავედ, თუმცა საქმეში არსებული და პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ადვოკატების თქმით, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
„მიგვაჩნია, რომ ეს განაჩენი უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან ის ბრალი რაც წარდგენილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არანაირად არ დასტურდებოდა. სხვა რამ, რაც გამოიკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირებულიყო და სხვა მუხლით უნდა გასამართლებულიყო შემდგომში“, - განაცხადა შოაიფ ბორზიევის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.
დღევანდელ პროცესზე შოაიფ ბორზიევმა დუმილი დაარღვია. მან უარყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება აღიარა.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, არამედ ყველა ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო. სპეცსამსახურების დანაშაულებრივი ქმედების გამო დაისაჯნენ ის პირები, ვინც დარბაზში ვიხილეთ“, - აღნიშნა ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა.
შოაიფ ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის.
ოთხი პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი კი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და იყვნენ მათი ხელშემწყობი პირები.
9 იანვარს ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
22 იანვარს სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.