პანკისში, დღეს დილით მომხდარ ინციდენტში, რომელიც ხეობაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის ფოტოების გამოჩენას და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს მოჰყვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება მოხდა პანკისის ხეობაში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარების წარმომადგენლებს შორის. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გარჩევის დროს ტოხოსაშვილების მხარეს იყო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჭრილობები თავის არეში აქვს და ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.