საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში პანკისის ხეობაში 22 ბიზნესიდეა დაფინანსდა. აქედან 18 პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით არის მომზადებული.
საოჯახო სასტუმრო და ვაინახური სამზარეულო, ველოტურები, თექის სახელოსნო, სამკერვალო სალონი – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც პანკისელ ქალებს სურთ. მცირე გრანტების მოპოვებას ისინი მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან ცდილობენ. პროგრამა საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. ამ თანხის 1 %–იც კი (200 000) პანკისის ხეობაში რომ დაიხარჯოს, შესაძლებელი გახდებოდა პირველივე ეტაპზე 20–25 პროექტის განხორციელება.