ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებით, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი მონაწილეობენ.
ბოტკოველი მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საუბნო და საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წარმომადგენლებიც გამოიხმო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის 35 600 ამომრჩეველი, რომელმაც მე დამიჭირა მხარი, არ მოელის, რომ 31 ოქტომებერს ჩატარებული აგრესიული არჩევნები, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ, რამენაირად „გავუპრავო“ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“. ჩემი არ მონაწილეობა მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, ლეგიტიმაცია მიიღოს“, – განაცხადა ბოტკოველმა პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“.
რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს, ცესკოს მონაცემებით, ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26% მოიპოვა (41 662 ხმა), გიორგი ბოტკოველმა კი – 40.43% (35 645 ხმა).
მეათე საარჩევნო ოლქში 153 576 ამომრჩეველია. პანკისის ხეობაში გახსნილ 5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 4843.