„აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ყველანაირ რაციონალურ აზრს კარგავს დაკვირვება, ამიტომ აღარ ვაკვირდებით“, – განაცხადა TI-ის რეგიონულმა კოორდინატორმა, გიორგი ბიძინაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესს არ აკვირდება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია). ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, მწირი რესურსებიდან გამომდინარე, საია მეორე ტურს მხოლოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში დააკვირდება.
„სამწუხაროდ, არ დავაკვირდებით მე-10 ოლქს, რადგან მოიცავს ოთხ მუნიციპალიტეტს“, – უთხრა მგალობლიშვილმა რადიო „ვეის“.
„სამართიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტისა და პანდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, მობილური ჯგუფები მხოლოდ საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას დააკვირდებიან.
„მიზეზი, რამაც გამოიწვია ასეთი განსხვავებული სახის სადამკვირვებლო მისია, არის ის, რომ არჩევნები ტარდება უკონკურენტო გარემოში - ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ მონაწილეობს.
მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ბიულეტენში ორივე კანდიდატია მოცემული, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აქტიურობა არ არის მოსალოდნელი და რეალურად კონკურენცია არ იქნება, რაც საჭიროა არჩევნების დაკვირვებისთვის. ასევე, გავითვლისწინეთ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩავთვალეთ, რომ ამ სიტუაციაში, ჯანმრთელობისთვის შექმნილი ძალიან მაღალი რისკიდან გამომდინარე, ფართომასშატაბიანი მისია არ იქნება გამართლებული“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის პროგრამის დირექტორის, ლაშა ფარულავას თქმით, შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლების მეშვეობით დააკვირდებიან. ეს სათემო რადიოსთვის ცნობილი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მე-10 ოლქში და მათ შორის, პანკისის ხეობაში თავისი წარმომადგენელი ეყოლება.
არჩევნების მეორე ტურში სადამკვირებლო მისია არ ჰყავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს - „ეუთო/ოდირს“(OSCE/ODIHR), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ (IRI).