თამარი თანატოლების გარეშე იზრდება. გოგონამ საკობიანოს საჯარო სკოლაში სულ რამდენიმე თვე იარა, სახელმწიფოს მიერ დანიშნული „მარშუტკით“. კორონავირუსის გამო სამი სემესტრიდან ორი ფაქტობრივად გამოტოვა. ახლა თამარს ერთადერთი თანაკლასელის სახელი ახსოვს, მარიამის. იცის, რომ ჰყავს ქართულის მასწავლებელი - ეკა და მათემატიკის მასწავლებელი - მზია.
ოჯახში არც სმარტფონი აქვთ და არც ინტერნეტი. მზია მასწავლებელი გოგონას თანატოლებს ასის ფარგლებში მათემატიკას ონლაინ გაკვეთილებზე ასწავლის, თამარი კი ძირითადად პირველი კლასის მასალებს იმეორებს. მასწავლებლები თამარის მშობლებს ხანდახან ტელეფონით ეხმიანებიან, რამდენიმე დღეში ერთხელ მითითებებს აძლევენ და ამით სრულდება თამარისთვის განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება.
გოგონას უყვარს მათემატიკა, რომელსაც მამასთან ან თავის საყვარელ სათამაშო დათვთან, მიშასთან ერთად მეცადინეობს. გოგონას სათამაშოები და სასკოლო ინვენტარი უცხო ადამიანებისგან, ქველმოქმედებით შეგროვებული ფულით უყიდეს.
პირველკლასელებისთვის დარიგებული კომპიუტერი მასაც ერგო, თუმცა სულ ყუთში უდევს, რადგან კომპიუტერი უბრალოდ არ ირთვება. სამსულიან ოჯახში ერთი ძველი ტელეფონი აქვთ, რომელიც უსახსრობის გამო ხშირად გათიშულია.
ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახელმწიფოს მიერ 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება ოჯახს აქამდე ვერ აუღია, რადგან ახმეტამდე ჩასასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ტაქსის ფასი გაორმაგებულია და ფეხით სასიარულოდ ხათუნა და გოგია თორღვაშვილებს დუისამდე და უკან 15 კილომეტრის გავლა სჭირდებათ.
დედისფერულში, ახმეტიდან 19 კილომეტრში, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია, არც ამბულატორია, არც აფთიაქი, არც მაღაზია, არც საბავშვო ბაღი და სკოლა, სადაც თამარი თანატოლებთან ერთად ისწავლიდა.