• «საჭიროა სკოლაში დაბრუნების პროგრამები, რათა ამ ზარალის მინიმალიზაცია მოხდეს» – ინტერვიუ

    შაბათი, 19 დეკემბერი 2020 14:43 view 3452
    «საჭიროა სკოლაში დაბრუნების პროგრამები, რათა ამ ზარალის მინიმალიზაცია მოხდეს» – ინტერვიუ

    კოვიდ პანდემიის გამო მეორე სემესტრია ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სასკოლო განათლების სისტემა პანდემიამდეც უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა - იქნება ეს მასწავლებელთა შრომითი უფლებები, კომპეტენციები, სკოლის ჰიგიენურ-სანიტარული პირობები, მშობელთა დაბალი ჩართულობა თუ სხვა. ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი პრობლემები გააჩინა, გარკვეული პრობლემები კი კიდევ უფრო გაამწვავა. განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ რეგიონებსა და მთაში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, არ გააჩნიათ კომპიუტერი და ტელეფონი. ასეთი ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს.

    ონლაინსწავლების გამოწვევებთან დაკავშირებით პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“განათლების ექსპერტმა, კოალიციის „განათლება ყველასათვის“ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა.

    – ბატონო რევაზ, რა ტიპის სწავლება გვაქვს დღეს საქართველოში?

    – ამ ყველაფრის შეფასება დღეს ცოტა გაგვიჭირდება, რადგან ამ მიმართულებით არც კვლევა გაკეთებულა და არც რაიმე სტატისტიკური მონაცემები გვაქვს. შეიძლება სამინისტროს ჰქონდეს, მაგრამ არ ასაჯაროვებს.

    ჩვენი დაკვირვებით, რაც დღეს გვაქვს იმას დისტანციურ სწავლებას ვერ დავარქმევთ, რადგან, რეალურად, დისტანციური სწავლება მეთოდილოგიურად სხვა რამ არის და ჩვენს შემთხვევაში გვაქვს სხვა რამ.

    ჩვენ ამ მდგომარეობას მომზადებული არ შევხვდით, რადგან დისტანციური სწავლება არასდროს ყოფილა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის ნაწილი. არიან ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ შერეული ტიპის სწავლება და მათ, რა თქმა უნდა, გაუადვილდათ, რადგან ადამიანებს ამ მიმართულებით გარკვეული უნარები ჰქონდათ განვითარებული. ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო და სამწუხაროდ, ამ დრომდეც ვერ მოხერხდა, რომ მასშტაბური ღონისძიებები გატარებულიყო ერთი მხრივ, მეთოდოლოგიური მხარდაჭერის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ტექნიკური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ორივე მიმართულებით გვაქვს პრობლემა და ვისმენთ მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისა და მშობლებისგან წუხილებს, რომ ეს პროცესი არ მიდის ისე, როგორც რეალურად უნდა ხორციელდებოდეს.

    – ონლაინ სწავლება კრიზისიდან გამოსავალი უნდა ყოფილიყო, თუმცა იქცა მთავარ გამოწვევად. რატომ? NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 14 სექტემბერს გასაჯაროვდა, განათლების სისტემის მთავარ პრობლემად მოსახლეობა ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.

    – ეს სწორედ მოუმზადებლობის ბრალი იყო. ორი ძირითადი მიმართულებაა: ერთის მხრივ, ის, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, მათ შორის სოფლად მცხოვრები და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე, რომელსაც ინტერნეტზე წვდომის საშუალება არ აქვს, ან აქვს და ინტერნეტი არის უხარისხო, ან ვერ ყიდულობენ მობილურ ინტერნეტს. მეორე საკითხი არის ის, რომ ბევრ ოჯახს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა – ლეპტოპი იქნება, თუ სმარტფონი – იმისთვის, რომ მათი შვილები დისტანციურ გაკვეთილებში ჩაერთონ. ეს არის ხელმისაწვდომობის პრობლემა. მეორე პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ვინც ონლაინ სწავლებაში ერთვებიან, ნაწილობრივ არიან უკმაყოფილო, რადგან ხშირ შემთხვევაში, მეთოდოლოგიურად გაუმართავი დისტანციური სწავლება გვაქვს და ეს ხარისხზეც მოქმედებს. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, როდესაც მასწავლებლებმა კარგად აუღეს ალღო დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიას. 

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანდემიამდე საქართველოში განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენდა, პანდემიამ ეს სიტუაცია ნამდვილად არ გამოასწორა და კიდევ უფრო რთული შედეგი დადგა. ამაზე სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული რეაგირება თუ არ იქნება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთულ შედეგებს მივიღებთ.

    – განათლების სამინისტრომ დაამტკიცა დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა, სადაც გაწერილია გარკვეული რეკომენდაციები, რითაც სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ დისტანციური სწავლების პირობებში. რითი იხელმძღვანელა სამინისტრომ ამ გეგმის შედგენისას? კვლევები ჩატარდა?

    – როგორც ხშირად ხდება, ახლაც დიდი ჩართულობა, სამწუხაროდ, არ იყო. ფურცელზე დაწერილი რაც არ უნდა შესთავზო ადამიანებს, თუ შენ მხარდაჭერას არ აღმოუჩენ და არ ასწავლი როგორ უნდა განახორციელონ, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგან, ტრენინგს თუ არ ჩაუტარებ... ჩვენ ვიცით, რომ ამ პანდემიის პირობებში ძალიან დაზარალდა განათლების სისტემა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს აღარ დარჩა ფული იმისთვის, რომ მასშტაბური მხარდაჭერა აღმოიეჩინა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციიებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს დაწერილი გეგმები დარჩა ფურცელზე და ხშირ შემთხვევაში სკოლებისთვის მათი შესრულება შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ.

    – თქვენ ახსენეთ, რომ სამინისტრო ატარებს კვლევებს მაგრამ არ ასაჯაროებს.

    ყოველ შემთხვევაში, მე ვიცი, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებდნენ. მასწავლებელბისგან ვიცი, რომ, მაგალითად, სამინისტრომ გამოითხოვა ინფორმაცია - გაკვეთილებს ვინ ესწრება, ვინ არ ესწრება, რა ინტენსივობით ესწრებიან და ა.შ. ასეთი ტიპის ინფორმაცია აქვთ. რამდენად სიღრმისეული კვლევები ჩაატარეს, ეს არ ვიცი, არც სტატისტიკა არის ცნობილი. სავარაუდოდ, არც ისე კარგი სურათია და ამიტომ შეიკავეს თავი მისი გასაჯაროებისგან. სხვა რა უნდა ვიფიქროთ? ზოგადად, პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და გვირჩევნია წარმატებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, თუ პრობლემებზე არ ვისაუბრეთ, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან, პირველ რიგში, სიტუაციის გაანალიზებაა საჭირო იმისთვის, რომ გეგმა დავსახოთ.

    ჩვენ ვნახეთ, რომ სკოლებმა 2020-21 სასწავლო წელი ისე დაიწყეს, თითქოს წინა სემესტრში არაფერი მომხდარიყოს. გარდა იმისა, რომ რაღაც დეზობარიერები, სიცხის საზომები შეიძინეს, რეალურად დანაკლისის მაკომპენსირებელი ღონისძიებები არ გატარებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწავლის თვალსაზრისით ძალიან დიდი დანაკლისი მიიღეს და ახლაც იღებენ ჩვენი მოსწავლეები.

    თუ სკოლებში ამ დანაკლისის კომპენსირება არ მოხდა და სამინიტრომ მხარდამჭერი ღონისძიებები თუ არ განახორციელა, სამწუხაროდ, მივიღებთ უფრო უარეს შედეგს – სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო დავარდება და სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც გაიზრდება. ეს განსაკუთრებით იქნება ისეთ ადგილებში, სადაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ცხოვრობს, სოფლად იქნება პრობლემა და ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემები. ცხადია, ქალაქშიც იქნება პრობლემა, მაგრამ გარკვეულწილად ის განსხვავება, რომელიც ჩვენ აქამდე გვქონდა სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსებს შორის განათლების ხარისხთან მიმართებაში, ის უფსკრული, სოციალური ნაპრალი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც გრძელვადიან პერპსექტივაში ძალიან მძიმე შედეგს მოუტანს მთლიანად ქვეყანას.

    – თუ აქამდე ვსაუბრობდით ხარისხიანი განათლების ხელმისწავდომობაზე, პანდემიის პერიოდში დღის წესრიგში დადგა ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობა. ინტერნეტის, ტელეფონის, კომპიუტერის არქონამ ბევრ ბავშვს შეუქმნა პრობლემა დისტანციურ სწავლებაში. გაზაფხულის სემესტრის შემდეგ გავიდა საკმაო პერიოდი. რა გააკეთა სახელმწიფომ, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გაეხადა და მოსწავლეთა ჩართულობა გაეზარდა?

    – ვიცი, რომ გარკვეული სახის ინტერნეტიზაციის პროგრამას ახორციელებენ, მაგრამ ფაქტი რჩება... მაგალითად, ლადო აფხაზავა ყიდის იებს, რომ იმ ფულით მოსწავლეებს ჩაურთოს ინტერნეტი - წინა პერიოდში 500 მოსწავლეს და ახლა 100 მოსწავლეზე მეტს ჩაურთო ინტერნეტი. თუ ეს პროგრამა ხორციელდება და ინტერნეტიზაცია ხდება, მაშინ საიდან მოვიდნენ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან? ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ნამდვილად კარგად არ არის სიტუაცია. ხარისხზე საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ, ელემენტარული სოციალიზცია კლასის დამირეგებელთან იქნება თუ თანაკლასელებთან - აი, ამაზე წვდომაც კი არ აქვთ მოსწავლეებს. სულ რომ რამდენიმე მოსწავლე იყოს ასე, ესეც ძალიან მძიმეა. ამავდროულად,

    არის მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემა, სადაც ონლაინსწავლებაში ჩართვა პარალელურად უწევთ და არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობები, ინტერნეტი... ზოგან ისეთი ხარისხის ინტერნეტია, რომ დისტანციური სწავლებისთვის პრაქტიკულად გამოუყენებელია.

    – ჩვენ ვესაუბრეთ მოსწავლეებს და ისინი ამბობდნენ, რომ „თიმსის“ პროგრამა მოითხოვს ხარისხიან ინტერნეტს, რის გამოც ძალიან ხშირად „იჭედება“ და პრობლემას ქმნის.

    – ასეთი ხარვაზებით და ამდენი წვალებით როდესაც ხდება ეს ამბავი, მოტივაციაც ქრება როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. მერე ხდება ჩამორჩენა, რაც, საგანმანათლებლო პროცესის შეფასების თვალსაზრისით, არის ჩამოშლის ტოლფასი. ასეთი ტიპის დანაკლისი და ასეთი ტიპის ჩამორჩენა განათლებაში საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე დაგვრჩება სისტემის მიღმა.

    სკოლაში დაბრუნების პროგრამების ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს ამ ზარალის მინიმალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის მიტოვების მაჩვენებლი გაიზრდება.

    ამაზე საუბრობენ ჩვენზე ძლიერი ქვეყნები, რომლებიც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან და ჩვენთან რა იქნება, ხომ წარმოგიდენიათ? იმისთვის, რომ შემდგომის სემესტრი ან მომავალი სასწავლო წელი მაინც დავიწყოთ ნორმალურად, ეს პროგრამები უკვე გამზადებული უნდა გვქონდეს, უკვე შესაბამისი თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტში და სკოლებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუშავებით უნდა იყვნენ დაკავებული მას მერე, რაც სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაფიო განმარტებები და მხარდაჭერა, თუ როგორ უნდა იმუშავონ სკოლებმა სწავლის განახლების პერიოდში. სამწუხაროდ, ესეც არ გვაქვს. როგორც ვთქვი, ეს სასწავლო წელი ისე დავიწყეთ, თითქოს არაფერი არ მომხდარიყო და წინა სემესტრი, ფაქტობრივად, არ ჩავარდნილიყო.

    – ეს ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულის სემესტრის გამოცდილება არ იქნა გამოყენებული?

    – დიახ. გაზაფხულის შემდეგ მთელი ზაფხული გვქონდა, მაგრამ სკოლა ისე დაიწყო, რომ სკოლაში დაბრუნების პროგრამები არ ავამოქმედეთ და კომპენსირება არ მოვახდინეთ იმ ზარალის, რომელიც ამ მოსწავლეებს დაუდგათ. ეს ზარალი იყო ერთი სემესტრის, მაგრამ ახლა კიდევ ერთი სემესტრი დაემატა და მომავალ სემესტრში რა იქნება, არავინ იცის. სამწუხაროდ, ასეთი პროგრამები არ კეთდება, თუმცა ამის თაობაზე რეკომენდაციები განათლების სამინისტროს ჩვენც მივეცით და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მისცეს. რიგ შემთხვევაში ამას სჭირდება ინდივიდუალური მუშაობა, არაფორმალური განათლების განვითარება, ყველაფერს სჭირდება დამატებითი დაფინასება. დაფინანსება ახლავე თუ არ იქნა გათვალისიწნებული ბიუჯეტში, მერე ამ თანხებს საიდან მოიტანენ? ეს ხომ არ არის რაღაც არაპროგნოზირებად ამბავი? ყველამ ყველაფერი ვიცით - რა და როგორც ხდება, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. ამიტომ არის, რომ განათლების სისტემაში ერთწლიან, სამწლიან, ხუთწლიან გეგმებს აკეთებენ და წინასწარ ხდება დაგეგმვა. ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს პროცესი ასე თვალნათლივ არ ჩანს.

    – ამ კრიზისულმა პეროდმა გარკვეული პოზიტიური გამოცდლიებაც დააგროვა. მაგალითად, ერთგვარი დეცენტრალიზაცია მოხდა - გამოიკვეთა, რომ სკოლებს შეუძლიათ ორგანიზება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორ უნდა მოხდეს პოსტპანდემიის პერიოდში ამ გამოცდილების გამოყენება სასწავლო სისტემების და მეთოდების დასახვეწად?

    – ნამდვილად. ამ პანდემიის ეფექტი ასევე იყოს ის, რომ რაღაც საკითხებში იძულებითი დეცენტრალიზაცია მოხდა, რადგან სახელმწიფო ამდენი სკოლის განსხვავებულ პრობლემას ვერ მართავდა. ეს თავისუფლება ახლა უნდა გამყარდეს და ამ პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ განვითარდნენ თავიანთი ხედვის შესაბამისად. რა თქმა უნდა, გარკვეულ სტანდარტებს ყველა სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს მრავალფეროვანი სკოლები, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული. ერთფეროვნება განათლების სისტემაში, საითკენაც მივდივართ, არის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ამბავი და კარგად არ აისახება განათლების სისტემაზე.

    გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა მშობლების დაინტერესება განათლების სიტემით. თუ ადრე მშობელი ვერ მიგვყავდა სკოლაში, ახლა სკოლა მივიდა მშობელთან. მშობლები უფრო მეტად არიან ჩართულები და გააქტიურებულები ამ მიმართულებით.

    ამასაც სჭირდება ძალიან სიღრმისეული ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ვერ ვხედავთ.

    გარკვეულ კვლევაზე ტენდერია გამოცხადებული და იმედია, ეს კვლევა იქნება მეთოდოლოგიურად გამართული და ამ მეთოდოლოგიის შემუშავებაში ჩართულობა მაღალი იქნება, რათა მივიღოთ ხარისხიანი შედეგი, რეალური სურათი და არა სასურველი იმისთვის, რომ შემდეგ მაინც დავგეგმოთ ნორმალურად მომდევნო ნაბიჯები.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით.

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]