პანდემიამდე თეა თიღილაური ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მუშაობდა. სამსახურში ძალიან იღლებოდა, მას სხვებზე მეტი საქმის კეთებას ავალებდნენ, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. სამუშაო დედის ავადმყოფობის გამო მიატოვა. დედა მძიმედაა და მოვლა სჭირდება. თეას იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ დედისთვის მომვლელიც აეყვანა და ბავშვისთვისაც მიეხედა.
თებერვლის ბოლოს, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მალევე მთავრობამ შეზღუდვები დააწესა, თეა საცხოვრებლად ახმეტაში გადავიდა, დედასთან, რომელსაც ასაკის პენსია აქვს - 220 ლარი. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 302 ლარია, მაგრამ თეას, მის ბავშვს და დედამისს 370 ლარი (ორი ადამიანის პენსია და ბავშვის დახმარება ერთად) მედიკამენტებისა და პურის ფქვილის შესაძენად ძლივს და ხშირად, არც ჰყოფნით. ოჯახს სოციალური დახმარებაც არ აქვს. თეამ თავისი პენსია ბანკიდან სესხის სახით, წინასწარ გამოიტანა და 900 ლარი დავალიანება აქვს.
„არ ვიცი, 100 ლარი რატომ დაგვიტოვეს პენსია მესამე ჯგუფის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. 100 ლარით როგორ უნდა ვიარსებოთ? ფასები ყველაფერზე გაზრდილია“- თეა რამდენიმე თვეა ახალ სამსახურს ეძებს, ისეთს, დილით და საღამოს დედისა და ბავშვის პატრონობაც რომ შეძლოს და ცოტა შემოსავალიც ჰქონდეს:
„სამუშაო არ არის, რაიონში მითუფრო. ვერ ვშოულობ სამსახურს. რთულია კომუნიკაცია დავამყარო ადამიანებთან. მოლაპარაკესთან რომ მიდიხან და პირველად მხედავენ, გაოცებულები მიყურებენ, რა ხდებაო. თბილად არ მექცევიან. ნული აქვთ ურთიერთობა. ისინი ლაპარაკობენ, მე არ მესმის და ძალიან უხერხული სიტუაცია მექმნება.
რამდენიმე ადგილას განათლების მოწმობა მომთხოვეს, მე კი სკოლის ატესტაციც არ მაქვს. მეუბნებიან, რომ საბუთის არქონაა მიზეზი, რის გამოც სამსახურში ვერ მასაქმებენ, მაგრამ სინამდვილეში არ უნდათ ჩემი აყვანა. არ მაქვს განათლების მოწმობა, მაგრამ შემიძლია ვიმუშაო და ჩემი შრომით ვირჩინო თავი.
თბილისში სმენადაქვეითებულთა ბაღში დავდიოდი. მერე ჩვეულებრივ სკოლაში მივედი და სხვა ბავშვები რომ ლაპარაკობდნენ, მასწავლებელი მათ სხვანაირად უხსნიდა, მე არ მიყურებდა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. წავედი და დედას ვუთხარი, რომ მე სკოლაში აღარ მინდოდა სიარული, მასწავლებელი სხვებს ასწავლიდა, ჩემთან არ მოდიოდა. ბევრს ვტიროდი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მდგომარეობა და ამიტომ სკოლაში აღარ ვიარე. მასწავლებელი ამბობდა, ყრუ არისო და დამცინოდნენ ბავშვები. ამის გამო ძალიან მოვიწყინე. დედას როგორც შეეძლო, ყურადღებას მაქცევდა, ზრუნავდა, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით“.
საქართველოს ყრუთა კავშირს კახეთის რეგიონში 150-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. მაია რაზმაძე, ყრუთა კავშირის რეგიონული ჟესტური ენის თარჯიმანი ამბობს, რომ მათი რაოდენობა ბევრად მეტია. „სამწუხაროდ, ჩვენთან არ არიან რეგისტრირებული ის პირები, რომლებიც ოჯახის წევრებს სახლებში ჰყავთ ჩაკეტილი. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა და არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ“.
ყრუთა კავშირს კახეთში წარმომადგენლობა მხოლოდ თელავში აქვს. Covid 19-ის პანდემიამდე თელავის ფილიალში კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ბენეფიციარები ყოველ ორშაბათს იკრიბებოდნენ, ინფორმაციას ცვლიდნენ და დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე ცნობებსაც იღებდნენ.
მაია რაზმაძის თქმით, კორონავირუსის გამო ბენეფიციარებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ახლა მხოლოდ ინტერნეტით აქვთ, მაგრამ არიან ისეთებიც, ინტერნეტის ხარჯი რომ არ აქვთ და პანდემიამ მთლიანად მოწყვიტა ყველანაირ სოციალურ კავშირს: „მათთვის კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სახლში სხედან, ვერაფერს აკეთებენ. დღიურ სამუშაოზე რომ გადიოდნენ, იქაც ვეღარ გადიან. ბევრი მათგანი მხოლოდ სოციალურ პენსიაზეა დამოკიდებული, 100 ლარზე. ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, რამდენიმემ კოლეჯიც დაამთავრა ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, ზოგმა შეძლო მუშაობის დაწყება, დანარჩენებმა ვერა, შემცირდა სამუშაო ადგილები“.
2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ქვეყანაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ფუნქციონირებას და ამ პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობას ითვალისწინებს. ყრუთა კავშირის რეგიონული ჟესტური ენის თარჯიმანი მაია რაზმაძე ამ საბჭოს წევრია თელავში. საბჭოს სხდომა, სადაც შშმ პირთა საჭიროებებს განიხილავდნენ და იქნებ გადაეწყვიტათ კიდეც, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საერთოდ არ გამართულა.