• ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

    ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 09:08 view 6789
    ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

    საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაწყება. რა ვიცით ვაქცინების შესახებ, როგორია მათი ეფექტურობა და რომელი ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

    – ბატონო ბიძინა, უკვე თვეებია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ. რა უნდა ვიცოდეთ ზოგადად ვაქცინაციის შესახებ?

    – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ზოგადად, ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა, რადგან ყოველწლიურად ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ვაქცინა ახლად წარმოშობილი ინფექციის სამართავად და პანდემიის გასაკონტროლებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ეს ვერ იქნება ერთადერთი გზა. ამით შეიძლება მსოფლიოში პანდემია უცებ ვერ გაჩერდეს. მთავარია, ისეთი ადამიანების აცრა შევძლოთ, რომელთა წილი სიკვდილიანობაში 80%-ია: ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები და ექიმები. ამიტომ დღეს მთელი მსოფლიო ორიენტირებული იმაზე, რომ არა მთლიანად საზოგადოებას, 100%-ით გაუკეთოს აცრას, არამედ ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები დაიცვას, რადგან მწირი რესურსებია.

    ისტორიულად, ვაქცინები ძალიან დიდი ხანი იქმნებოდა, მაგრამ 21-ე საუკუნემ აჩვენა, რომ ვაქცინა შესაძლებელია 8-10 თვეშიც დამზადდეს.

    რა თქმა უნდა, სკეპტიკოსებს აქვთ კონტრარგუმენტი, რომ ასე სწრაფად დამზადებული ვაქცინა შესაძლებელია არ იყოს ისეთი უსაფრთხო, როგორიც ვთქვათ ისეთი ვაქცინა, რომლის დამზადებასაც წინა პერიოდში 10, 15 ან 20 წელი სჭირდებოდა. როგორც ექიმი და იმუნოლოგი ვიზიარებ, რომ შესაძლებელია ასეთი ტიპის რისკი აქ არსებობდეს, მაგრამ მედიცინაში არსებობს დაუწერელი კანონი: რისკი-სარგებლის შეფარდება. ამ შემთხვევაში ვაქცინის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე მისი შესაძლო, პოტენციური რისკი შეიძლება იყოს.

    განუზომლად ნაკლებია გვერდითი მოვლენები, რაც წინასწარი კვლევებით ჩანს, იმასთან შედარებით, რასაც კორონავირუსი იწვევს ადამიანში. მან შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს - დაწყებული ჩვილობის ასაკიდან დამთავრებული მოზრდილ ასაკამდე. ამდენად, ეს ვერაგი ვირუსია და არ ჰგავს არცერთ ჩვენთვის ნაცნობ ვირუსებს, მათ შორის, არც გრიპის ვირუსს. მსოფლიო ძირითადად გრიპს ებრძოდა მედიკამენტით ან ვაქცინის საშუალებით. ახლა ახალი დამატებითი მტერი გაგვიჩნდა. ძალიან ცნობილმა ბრიტანელმა ექიმმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მთელი 2019-2020 წლის სეზონზე, ბრიტანეთში გრიპით 22 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ამდენივე ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით მხოლოდ ერთ კვირაში. რასაკვირველია, ეს ცალსახად ვერაგი დაავადებაა და შესაბამისად ვაქცინაცია გვჭირდება.

    – კორონავირუსის პრევენციის რამდენად კარგი საშუალება იქნება ვაქცინა?

    – როდესაც ვამბობთ, რომ კვლევები დროში შემჭიდროებულად ჩატარდა, ვგულისხმობთ, რომ კვლევების პროცესში აქცენტი იყო იმაზე, რომ ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებულიყო. დანარჩენი კითხვები გრძელვადიან დაკვირვებას საჭიროებს. ყველა კომპანიის (Pfizer, Moderna თუ AstraZeneca) კვლევების პროტოკოლი ორწლიან დაკვირვებას ითვალისწინებს, რომ საბოლოოდ თქვან, რამდენი ხანი იმოქმედებს ვაქცინა. არის წინასწარი ვარაუდი, რომ რამდენიმე წელიც შეიძლება დაიცვას. ზოგიერთი მეცნიერი საპირისპიროსაც ამბობს, რომ გრიპის ვაქცინასავით, კორონავირუსის ვაქცინის ყოველ წელს გაკეთება დაგვჭირდება.

    არცერთი გარდაცვალება, ვინც კი ვაქცინა გაიკეთა, კორონავირუსისგან არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ვაქცინის ფონზე მსუბუქი დაავადება დაგვემართოს, მაგრამ მას იოლად გადავიტანთ და საბედნიეროდ, გართულება არ მოჰყვება.

    ჯერჯერობით ეს ვიცით კლინიკურ ეფექტურობაში. ვინმეს გადასდებს თუ არა ვაქცინირებული ადამიანი და მატარებელი იქნება თუ არა, ეს ჯერჯერობით არ არის გარკვეული და ასევე, არ ვიცით რამდენი ხანი ვიქნებით ვაქცინის შემდგომ დაცულები.

    რა ვაქცინები არსებობს და რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება მათი დაჯგუფება?

    – მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ათასზე მეტი ვაქცინაა ლაბორატორიულად დამზადებული. მათ შორის რამდენიმე ასეული კლინიკურ და პრეკლინიკურ ფაზაშია. ყველაზე დაწინაურებული 9 თუ 10 ვაქცინა მესამე ფაზაშია და ზოგიერთი მსოფლიოში ავტორიტეტულის ორგანიზაციების მიერ აღიარებული და დამტკიცებულია.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 ძირითადი ჯგუფის ვაქცინებია. პირველი ეს არის ყველაზე თანამედროვე, რომელმაც მოასწრო ყველას მიერ აღიარება და დამტკიცება – Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინა. ეს არის ე.წ. რნმ ფუძეზე ანუ გენეტიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ვაქცინები, სადაც ფლაკონში/შპრიცში არის ინფორმაცია ჩვენმა ორგანიზმმა როგორ ასინთეზიროს კორონავირუსის სპაიკის ცილა. ამაში ვირუსი საერთოდ არ არის, მხოლოდ გენეტიკური ინფორმაცია დევს. შედის ის ჩვენს ორგანიზმში, ჩვენივე ორგანიზმის უჯრედების მიერ შიგნითვე იწყება ცილის სინთეზი, ანუ ვირუსის რაღაც ნაწილაკის სინთეზირებას ჩვენ თვითონ ვიწყებთ ორგანიზმში. ამის შემდეგ ორგანიზმი ავითარებს იმუნურ პასუხს და ვითარდება ანტისხეულები. ამ ახალ ტექნოლოგიურმა ვაქცინებმა ჯერჯერობით გაამართლა, ისინი უკვე დამტკიცებულია და ყოველდღე თითქმის მილიონი ადამიანი იცრება.

    მეორე ჯგუფი ეს არის ვექტორული ვაქცინები, ანუ AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინა და რუსული ვაქცინა, სადაც მატარებელი, გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია.

    მესამე ტიპი ეს არის ცილოვანი ვაქცინები, როდესაც ლაბორატორიულად მცენარეებზე ხდება სინთეზირება. არსებობს კანადური კომპანია, რომელიც თამბაქოზე ზრდის ვირუსის ნაირსახეობას და კორონავირუსის ცილოვან ნაწილს. ადამიანს უკეთებენ და იწყება ანტისხეულების სინთეზი.

    მეოთხე ტიპი – თვითონ კორონავირუსი გაზრდილია, მაგალითად, ცხოველის თირკმელზე და სასათბურე პირობებში, მათი კულტივირება ხდება უჯრედებზე. ეს ვირუსები შემდგომ სპეციალური ქიმიური ხსნარით დამუშავდება, მოკვდებიან, რომ დაავადება არ გამოიწვიონ, მაგრამ იმუნური სისტემის გაღიზიანების თვისება დარჩებათ. ეს არის ე.წ ინაქტივირებული ვაქცინები.

    დღეისთვის მსოფლიოში ინაქტივირებული სამი ვაქცინაა და მათ ჩინეთი აკეთებს. გამოქვეყნდა ჩინური Sinovac-ის ვაქცინის ბრაზილიური კვლევის შედეგი, რომელმაც სამწუხაროდ 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მაშინ როდესაც Moderna-სა და Pfizer-ის ეფექტურობა 95%-ია, ხოლო AstraZeneca-ს ადენოვირუსული ვაქცინის ეფექტურობა 72.2%-ია.

    – ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველოში პირველ რიგში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. რატომ მოხდა მისი შერჩევა?

    რა ეტაპები უნდა გაიაროს ვაქცინამ რომ ადამიანებამდე მიაღწიოს: მსოფლიოში არსებობს არცთუ ისე ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც კომპანიების მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებს. მწარმოებელ კომპანიას ბოლომდე ვერ ენდობი. მას შეიძლება ფინანსურმა ინტერესმა, ასე ვთქვათ, გონება დაუბინდოს. თან ვაქცინაცია ჯანმრთელი ადამიანის აცრაა. ეს ხომ არ არის დაავადებული ადამიანი კვდება და ვაძლევთ წამალს, გინდ გადარჩება გინდ არა?! ეს არის სულ სხვა მოვლენა. ამიტომაც აღიარებითი ორგანოები ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენენ. Pfizer-ის ვაქცინა არის ყველასგან აღიარებული, ამიტომაც ჩვენ სისწრაფის თვალსაზრისით შეგვიძლია მხოლოდ Pfizer-ზე ვიფიქროთ. დანარჩენი კომპანიების ვაქცინებს ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება არ აქვთ. ჯანმოს დირექტორი სთხოვს მათ, რომ დოკუმენტაცია დროზე წარადგინონ. იგივე ჩინურ კომპანიებს მოსთხოვა, იგივე AstraZeneca-ს. ჯერჯერობით ასეთი მწვანეშუქანთებული არის მხოლოდ Pfizer-ი.

    რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, თითქოს საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხიც განიხილება. რატომ შეიძლება შეირჩეს ჩინური ვაქცინა?

    – ბატონი თენგიზის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ლაპარაკი არ იყო სახელმწიფო პოლიტიკის გაჟღერებაზე. ბატონმა თენგიზმა თავისი სუბიექტური აზრი თქვა, რომ ჩინელებსაც არ აქვთ ცუდი ვაქცინები.

    საქართველოში ბოლო ათი წელია, ცოფის საწინააღმდეგოდ ერთადერთი, ჩინური წარმოების ვაქცინაა. ძაღლი, კატა თუ სხვა ცხოველი ადამიანს რომ გაკაწრავს, არავის მოსდის თავში: „არ მინდა ჩინური ვაქცინა, მადლობა. ცოფით გარდავიცვლები“. ძალიან კარგად მუშაობს ეს ვაქცინა. ამას ობიექტურობისთვის ვამბობ.

    პრეკვალიფიკაციის, აღიარების და დადასტურების გარეშე, არავინ განიხილავს, რომ რომელიმე ქვეყნის ვაქცინა, არათუ ჩინური ვაქცინა, ქვეყანაში შემოიტანონ. დაველოდოთ.

    – როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რომელი ვაქცინა შევისყიდოთ?

    – გადაწყვეტილების მიღება ხდება სამთავრობო დონეზე. არის საკოორდინაციო საბჭო და ბევრი საკონსულტაციო ჯგუფი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხომ ამისთვის არსებობს?! ეპიდემიოლოგია, ზედამხედველობა და ვაქცინაცია მათი მთავარი კომპეტენციაა.

    – დავუშვათ, გვსურს ვაქცინის შესყიდვა, მაგრამ მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაცია არ აქვს გაცემული. გვაქვს თუ არა ამ ორგანიზაციის გვერდის ავლით ვაქცინის შემოტანის უფლება?

    – ამ შემთხვევაში ამის მაგალითი არის რემდესივირი. ამერიკის ამ ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას - კვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) უკვე დიდი ხანია აღიარებული აქვს რემდესივირი და აშშ-ში ყველა მძიმე პაციენტთან იყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კი თქვა, რომ არ გამოიყენოთ რემდესივირი, რადგან ჩვენს მიერ ჩატარებულ კლინიკური კვლევით ვერ ვნახეთ მისი ეფექტურობაო. ჩვენმა ქვეყანამ, რადგანაც პრეპარატი ამერიკაში გამოიყენება და ბევრ ევროპის ქვეყანაშიც - ბრიტანეთსა და გერმანიაშიც - შემოიტანა 400 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი. ამიტომ

    ვაქცინა თუ იქნება ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული, მაგრამ არ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, შეიძლება მისი შემოტანა. არ იგულისხმება ისეთი ორგანიზაციების მხრიდან აღიარება, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვებია. რუსეთის ჯანმრთელობის სააგენტომ დაამტკიცა მათი ვაქცინა, მაგრამ ჩვენ ხომ არ შემოგვაქვს?!

    „კოვაქსი“ არის პლატფორმა, სადაც პრეკვალიფიკაცია მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან დადასტურებულ ვაქცინებს ექნებათ გავლილი. ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ შექმნილი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩვენნაირ ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაუზარდონ.

    „კოვაქსი“ მოიაზრებს ქვეყნებისთვის ვაქცინის 2 მილიარდი დოზის განაწილებას 2021 წლის განმავლობაში. აქედან უდიდესი წილი იქნება AstraZeneca და ჩვენ ის აუცილებლად შეგვხვდება.

    – თქვენი ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზის შემოტანა იგეგმება?

    – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 100 ათას დოზაზეა საუბარი. პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრულია. პირველ ჯგუფში, ვისაც ვაქცინა გაუკეთდება, სამედიცინო პერსონალი იქნება. შემდეგ არის ყველა ის ადამიანი, ვინც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. ყველას, ვისი ასაკი 75 წელს ზემოთ არის, შეეძლება პირველმა გაიკეთოს ეს ვაქცინა. ეს იქნება ნებაყოფლობითი. შემდეგი ეტაპზე იქნებიან 65 წელს ზემოთ ადამიანები, შემდეგ 18 წლის ზემოთ და 65 წლის ქვემოთ ყველა ადამიანი, რომელსაც ქრონიკული დაავადება (ასთმა, დიაბეტი), ან ჭარბი წონა იქნება და ა.შ..

    – ვაქცინა უფასო იქნება?

    უფასო, მხოლოდ უფასო იქნება. ეს 700 ათასი ადამიანი, ანუ ჩვენი მოსახლეობის 20%, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

    არჩევანის შემთხვევაში თქვენ რომელ ვაქცინას გაიკეთებდით - Pfizer-ის ვაქცინას თუ ჩინურ ვაქცინას?

    – რასაკვირველია, Pfizer-ს. 95%-იანი ეფექტურობის მქონე ვაქცინა მირჩევნია, ვიდრე 50.4%-იანი. ორი აზრი არ არის. თუ მეტი არჩევანი არ იქნება და ჩინური ვაქცინის ხარისხი მსოფლიოში აღიარებული ექნება, ჩინურ ვაქცინასაც გავიკეთებ აუცილებლად.

     

    ინტერვიუს სრული აუდიოჩანაწერი შეგიძლიათ მოისმინოთ აქ:

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]