• შმაგი მუთოშვილის ადვოკატი მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

    ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021 18:26 view 3250
    შმაგი მუთოშვილის ადვოკატი მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი (ასლან) მუთოშვილის სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 2 თებერვალს, 12 საათზე გაიმართება. მუთოშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას.

    ბრალდებულის ადვოკატის ბადურ გულიაშვილის განცხადებით, შმაგი მუთოშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალები გაყალბებულია და მისი დაკავება იმ მიზნით მოხდა, რომ საპატიმროში გამოემწყვდიათ.

    „არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დანაშაულებრივი ქმედებები შმაგი მუთოშვილის მიერ იქნა ჩადენილი. საქმეში ფიგურირებდა ორი იარაღი - ერთი იარაღი მის მოკლულ ძმას ეკუთვნოდა და ნათესავის ოჯახში ინახებოდა სხვა სოფელში. მეორეი არაღი ეკუთვნის ნათესავს, მუხმად მუთოშვილს, რომელიც სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში არ იყო. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და აღნიშნული მტკიცებულება საქმიდან ამოიღეს.

    რაც შეეხება იმ იარაღს, რომლის გამოყენებითაც მკვლელობის მცდელობას ედავებიან შმაგი მუთოშვილს, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასრები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ამ იარაღიდან არის გასროლილი. ოღონდ, ამ იარაღზე საერთოდ არ არის აღმოჩენილი შმაგი მუთოშვილის დეენემი ან ანაბეჭდი.

    მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ გაისროლეს, რაც პოლიციელებმა ის შმაგი მუთოშვილის ნათესავის სახლიდან ამოიღეს, არ დალუქეს და ისე წაიღეს“, – განაცხადა ბადურ გულიაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან.

    მისივე თქმით, 2 თებერვალს დანიშნულ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავს, დაიკითხებიან ის პირები, ვინც საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტენ, რა შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს.

    ჯერ უცნობია, სხდომა სასამართლო დარბაზში ჩატარდება თუ ონლაინრეჟიმში. ბადურ გულიაშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა ბრალდებულის თბილისიდან თელავში ჩაყვანა. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადაიდო იმის გამო, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხიდან ბრალდებულის ტრანსპორტირება ვერ უზრუნველყო.

    იმ შემთხვევაში, თუ სხდომა ონლაინრეჟიმში ჩატარდება, მას შმაგი მუთოშვილის გარდა, მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლები, ასევე მოწმეები დაესწრებიან. საქმეს მოსამართლე თამარ კაპანაძე განიხილავს.

    „ოჯახის წევრების და მედიის დასწრების შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს, მაგრამ ვერავის ჩართავს, რადგან პატიმრის ჩართვაც მთელ რიგ ტექნიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მდივანი ფიზიკურად ვერ შეძლებს, ამდენი  ხაზის ონლაინ დაკავშირებას. ახლობლები საერთოდ გამორიცხულია“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს მოსამართლის თანაშემწე ხათუნა გედეხაურმა.

    შმაგი მუთოშვილი 2020 წლის 18 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება 29 ივლისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შმაგი მუთოშვილის ძმა, ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, დღისით, პანკისის ხეობაში, ათამდე პოლიციელის თვალწინ მოკლეს,რაც გვარებს შორის ჰესების მშენებლობის გამო დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. სროლა 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.

    რამდენიმედღისშემდეგ, მკვლელობისბრალდებით 27 წლის არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსამართლემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    განაჩენის გამოტანამდე მკვლელობაში ბრალდებულების ნათესავებმა, სისხლის პატიების მიზნით, მუთოშვილებთან რამდენჯერმე სცადეს შერიგება. ამ პროცესში ქისტი უხუცესები და პოლიტიკოსებიც ჩართეს, მაგრამ შერიგება არ შედგა. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები არც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ და არც გამოძიებისთვის მიუციათ ჩვენება.

    შმაგი მუთოშვილის დაკავებას მისი ახლობლები მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

    შმაგი მუთოშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]