• მომთაბარე მოსწავლეები - როცა სახელმწიფო არჩევანს არ გიტოვებს

    კვირა, 31 იანვარი 2021 14:16 view 3539
    მომთაბარე მოსწავლეები - როცა სახელმწიფო არჩევანს არ გიტოვებს

    ყოველ კვირას, ტანსაცმელს, წიგნებს, სხვა ნივთებს აკრეფენ და სახლს ტოვებენ - იძულებით, ეს ბავშვების არჩევანი არაა. უკან, პარასკევ საღამოს ან შაბათს ბრუნდებიან, ისიც თუ გზა ჩახერგილი არაა. დიანა და ნინო ასე იმის გამო მომთაბარეობენ, რომ ხორხის ხეობაში სკოლა არ არის.

    უსკოლობა უგზოობასთან ერთად მთავარი მიზეზია, რის გამოც ხეობის 8 სოფლიდან ხირაუშა და უბანი უკვე ნასოფლარებია, ქვემო ხორხში -18, ზემო ხორხსა და სონდისველაში 10-10, ლაუშაში 5, მენესოში -3, ბზიკურთკარში კი 1 ერთი ადამიანიღა შემორჩა.

    დიანამ პირველ კლასში სწავლა ჟინვალის სკოლაში დაიწყო. მშობლებმა ბინა იქირავეს, რომ ბავშვს საბაზო განათლება მიეღო. ოჯახი ორად გაიყო. დედა დიანას გაჰყვა, 5 წლის ნინო, რომელსაც სკოლა ჯერ არ უწევდა, მამასთან დარჩა, ქვემო ხორხში. ბინის ქირის გარდა ოჯახს ტრანსპორტირების ხარჯებიც მძიმე ტვირთად დააწვა. მეორე კლასიდან დიანა თიანეთის რაიონში, სოფელ ზარიძეების სკოლაში გადაიყვანეს, ნინომაც ამ სკოლაში დაიწყო სწავლა. ზარიძეებში ბავშვების ბებია და პაპა ცხოვრობენ. 2 წელი იქ ისწავლეს, მაგრამ მშობლებს რომ მოსწყდნენ, ძალიან განიცადეს. 2019 წელს ბავშვებმა სწავლა ანანურის სკოლაში გააგრძელეს. ანანური ქვემო ხორხთან ყველაზე ახლომდებარე სოფელია, სადაც სკოლაა.

    ქვემო ხორხიდან ანანურამდე 19 კილომეტრია. გზა ცუდია, ორმოებით სავსე. რამდენიმე ადგილას მეწყერია, ზოგან ქვათაცვენის ადგილია. მშობლებმა ანანურში სახლი იქირავეს. ბავშვებთან დედა  დარჩა, სოფელში მამა, რომელსაც ძველი სატვირთო მანქანით, გოგონები კვირას ჩაჰყავს ანანურში, პარასკევ საღამოს კი უკან აბრუნებს. ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ქვემო ხორხში ერთოთახიანი სახლის სახურავი ვერ გაამაგრეს და წყალი ჩასდით, მაგრამ ბავშვების განათლებაზე რომ ეზრუნათ, არ უყოყმანიათ.

    ბავშვების დედა თამარ ჩიტაური ბევრ ისეთ შემთხვევას იხსენებს, როცა სახლში ვერ დაბრუნდნენ ან პირიქით, ქვემო ხორხში ჩარჩნენ და ზედიზედ რამდენიმე დღე ან კვირა, ბავშვები სკოლაში ვერ ჩაიყვანეს:

    „4-5 კაცი თუ მოგროვდა სოფელში, შორი-შორს ვცხოვრობთ, ხმა თუ გავაგონეთ ერთმანეთს, მიდიან და ხელით წვალობენ, ხელით ყრიან თოვლს ან ნაშალს, რომ გზა გაიხსნას. ავად რომ გახდეს ვინმე, სასწრაფო მაინც ხომ უნდა მოვიდეს. ასეთ დროს გაკვეთილები უცდებათ, ვეღარ გავდივართ ხორხიდან.

    ეს გზა ბავშვებისთვის ძალიან დამღლელია. აქედან ანანურამდე ჩასვლას საათნახევარზე მეტი სჭირდება. საშუალებაც რომ გვქონდეს და ყოველდღე ვატაროთ, ვერ შეძლებენ, პატარები არიან. ამდენი დრო გზაში, ჯაყჯაყში... მერე გაკვეთილზე როგორ უნდა ისხდნენ?

    ამიტომ ვიქირავეთ ბინა და პარასკევს მაინც ვცდილობ, სახლში ამოვიდეთ, რომ აქაც მივხედოთ რამეს“.

    სამი წლის წინ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, მთელს ხეობაში ერთადერთ ბავშვიან ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ხელმოწერები შეეგროვებინათ სკოლის გახსნის მოთხოვნით. თამარმა ექვსივე სოფელი შემოიარა. „3 წელი გავიდა იმის მერე და ყური არავინ დაგვიგდო. რესურსცენტრის უფროსსაც შევხვდით, საერთოდ არაფრად ჩაგვაგდეს, რომ  ამხელა ხეობაზე, ეს ორი ბავშვი ასეთი ტანჯვით არ ყოფილიყო.

    ორი ბავშვის გამო ხორხში სკოლას ვინ გახსნისო, მაგრამ როცა ადამიანს სხვაგან სახლი არ აქვს, რა უნდა ქნას? არ არის სახელმწიფო ვალდებული, რომ სკოლა მაინც გვქონდეს? გასაქცევი რომ მქონდეს, მეც გავიქცეოდი აქედან“.

    ხორხის ხეობაში 8 კლასიანი სკოლა 1989 წლამდე არსებობდა. ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი სონდისველაში, რომელიც ხეობის ყველაზე დიდი სოფელი იყო 1985 წლამდე, ვიდრე მდინარე არაგვის ხეობაში ჟინვალის წყალსაცავს ააშენებდნენ. ხორხისკენ მიმავალი გზა, რომელიც ჟინვალიდან იწყებოდა და პირდაპირ ხეობაში შედიოდა, წყალმა დაფარა. უგზოდ დარჩენილ სოფლებს ახალი, შემოვლითი გზა გაუჭრეს, რაც ძველზე ბევრად ცუდი და 20 კილომეტრით გრძელია.

    გასული წლის მარტიდან, რაც Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ, დიანა და ნინო სწავლას თითქმის მთლიანად გამოეთიშნენ. დედა, თამარ ჩიტაური ამბობს, რომ ტექნიკის არქონის გამო, გაკვეთილებს ფაქტობრივად ვერ ესწრებოდნენ. „ორივე ბავშვს ერთდროულად ვერ ვასწრებდი გაკვეთილებს. თუ დიანას ჩავრთავდი, ნინოს უცდებოდა. დიანა რომ ამთავრებდა, მერე ვრთავდი ნინოს, თუ მას იმ დროს ჰქონდა გაკვეთილი. ერთი ტელეფონი გვაქვს. ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ ონლაინგაკვეთილებზე საერთოდ“.

    დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით ოსეფაშვილის განცხადებით, ბავშვების მშობელმა უნდა მიმართოს ანანურის სკოლის დირექტორს, რომ სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლამ მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

    - ხორხიდან ანანურამდე და პირიქით 40 კილომეტრია, ცუდი გზაა, ზამთარში უარესი. როგორ ფიქრობთ, ბავშვები ყოველდღიურად ამხელა მანძილს რომ გაივლიან, ეს მათთვის პრობლემური არ იქნება ან სწავლას შეძლებენ?

    - 40 კილომეტრი ბევრია, მაგრამ ანანურის სკოლას პანსიონი არ აქვს, რომ იქ ვაცხოვროთ. მოვიკითხავ ამ საკითხს. რა გვარის ბავშვები არიან? აბა, ორი ბავშვისთვის ხორხში სკოლას ვინ გახსნის?!“

    საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

    დიანა და ნინო წიკლაურების გარდა, ხორხში სკოლის გახსნას ჟიჟიაშვილების ხუთი ბავშვიც ელოდება. ბავშვებს საბაზო განათლება რომ მიეღოთ, მშობლები იძულებულები გახდნენ, ხეობიდან წაეყვანათ.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]