ახალი ავტომობილებით მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, ასევე, ზედამხედველობის სამსახურები ისარგებლებენ.
„ჩვენი მანქანები მწყობრიდანაა გამოსული და მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, ვერ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება. ამიტომ გამოვყავით ეს თანხა. მერს კი აქვს მანქანა, მაგრამ უჭირს და ვერ გადის ტექდათვალიერებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ავტოპარკის განახლება მერიისა და მთლიანად რაიონში თვითმმართველი ორგანოს ფუნქციონირებისათვის“, – განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა საკრებულოს 3 თებერვლის სხდომაზე.
როგორც პანკისის სათემო რადიოს მერიაში უთხრეს, უშუალოდ მათ სარგებლობაში ამჟამად ხუთი ავტომობილია, საიდანაც მხოლოდ ორს აქვს ტექდათვალიერება გავლილი. რაც შეეხება დანარჩენ ავტომობილებს, მათ ტექდათვალიერება სხვადასხვა პერიოდში უწევთ.
ახალი ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილებას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც შემოსავლები შემცირებულია, 5 ავტომობილის შეძენა მიუღებელია.
„არა მგონია ვინმე ავტოპარკის განახლების წინააღმდეგი იყოს და ვინმეს უნდოდეს, რომ თუშეთში ან შირაქში წასასვლელი იყოს ჩვენი თანამშრომელი და ამის შესაძლებლობა არ არსებობდეს.
გუშინ ჩვეულებრივ ფუნქციონირებდნენ, არც საკრებულოს და არც მერიას შეფერხება არ ჰქონია და დღეს აღმოაჩინეს, რომ, თურმე, 5 ავტომობილს თუ ვერ იყიდიან, თავიანთ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ.
ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი. არჩევნები გადააგორეს და ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ ავტომობილები იყიდონ“, – თქვა შაქრო ტერტერაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება – მაგალითად, 5 ათასი ლარის დახარჯვა არსებული ავტოპარკის შეკეთებაზე.
„თამარ ყეინიშვილის მანქანას რა უჭირს ან იოსებ ქარუმაშვილის მანქანას რა უჭირს? ვიცი, რომ ბევრი რამისთვის ფული არ გვაქვს და ამ დროს ვყიდულობთ 5 მანქანას“, – მიმართა საკრებულოს დეპუტატებს შაქრო ტერტერაშვილმა.
ახმეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ დაელოდებიან სახელმწიფოს მიერ კონსოლირიდებული ტენდერის გამოცხადებას, რადგან ასე ავტომობილების შეძენა უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე მაშინ, თუ მუნიციპალიტეტი ტენდერს თავად გამოაცხადებს.
„ეს მანქანები არ იქნება ერთნაირი. სახელმწიფო რომ გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს მრავალ მანქანაზე, იქ იქნება მინიშნებული მანქანის მარკა, დაბალი გამავლობისაა თუ მაღალი გამავლობის, ფასიც და ყველა მახასიათებელიც. დღეს ამ ღირებულების მანქანები არ არის ფუფუნების საგანი, როგორც ეს შეიძლება ზოგიერთმა ჩათვალოს“, – აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 11 319 700 ლარია. 3 თებერვალს, საკრებულოს მიერ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანხმად, 5 ავტომობილის შესაძენად 275 ათასი ლარის გაცემა ბიუჯეტის არაფინანსური აქტივებიდან მოხდება და ეს გასული წლის ბიუჯეტის ეკონომიებიდან დარჩენილი ნაშთია.