მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, მას ხელთ აქვს ბადურ ჩოფანაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული და მის მიერვე ხელმოწერილი ჩვენება, სადაც ჩოფანაშვილი მას და მის მოკლულ შვილს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებს.
როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე ჩოფანაშვილის დაბარების მიზანი ის იყო, რომ მას საზოგადოებისა და მედიის წინაშე, საჯაროდ ეთქვა, რომ მიცემული ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენების თანახმად ბადურ ჩოფანაშვილი ხელს მადებს მე, თითქოს რამაზ მარგოშვილთან ერთად ვითხოვდი 10 ათას დოლარს ჩატაევის ჩამოყვანის სანაცვლოდ. ის იქვე აღნიშნავს, რომ თემირლანიც იყო კავშირში ჩატაევთან და მის სახელზე ჩატაევისგან გამოგზავნილი თანხები ირიცხებოდა“, – განმარტავს მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
ბადურ ჩოფანაშვილმა განაცხადა, რომ ზეპირსიტყვიერი ჩვენების შემდგომ, რამდენიმე ფურცელს ხელი წაკითხვის გარეშე მოაწერა.
„ჩოფანაშვილმა მითხრა, რომ არ უხსენებია არც ვახა და არც თემირლანი. მე ფაქტი მაქვს – ხელმოწერილი ჩვენება, მაგრამ, ამაზე მპასუხობს, რომ ან ადვოკატმა შეაცდინა, ან პროკურატურის მიერ შეთითხნილია და ისე მოაწერინეს ხელი.
სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ჩოფანაშვილსა და გამოძიებას შორის. ჩოფანაშვილის ეს ჩვენება ხელისუფლების სჭირდებოდა, რადგან ერთადერთი მტკიცებულებაა თემირლანის წინააღმდეგ.
ის მზად იყო ყურანზე დაეფიცა, რომ არ დაუწერია ეს ჩვენება, მაგრამ არ დავაფიცე, რადგან ცრუ ფიცისთვის დიდი სასჯელია. თუმცა, ერთი ვუთხარი, რომ ეს საქმე, დღეს თუ არა ხვალ, დაუბრუნდება გამოძიებას და პირველ რიგში მისი დაკითხვა მოხდება. ჩოფანაშვილმა თქვა, რომ ის მზად არის ყველგან მივიდეს, იქნება ეს სასამართლო თუ პროკურატურა და იგივე გაიმეოროს“, - ამბობს მაჩალიკაშვილი.
თავად ბადურ ჩოფანაშვილმა შეხვედრის ადგილი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.
ბადურ ჩოფანაშვლი და მასთან ერთად 3 პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და რამაზ მარგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 26 დეკემბერს, დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 10 იანვარს საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
2018 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადურ ჩოფანაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა – ჩოფანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ ტერორიზმის ხელშეწყობაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ციხეში სამი წლის გატარების შემდეგ, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს და ის პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში დაბრუნდა.