ამბულატორიისთვის შეიძენენ რენტგენს, მოაწყობენ საოპერაციო ოთახს და ასევე, იყიდიან მაღალი სიმძლავრის გენერატორს.
„ვაყენებთ 3 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელექტროსადგურს, საკანალიზაციო სისტემას, გათბობის სისტემას – ინფრასტრუქტურას, რაც სჭირდება ამბულატორიას.
თუშეთში საავადმყოფო-ამბულატორია 1986 წელს გაიხსნა და 30 საწოლზე იყო გათვლილი, თავის სამშობიაროთი და ქირურგიული ბლოკით. ის შენობა დაინგრა და შემდეგ დარჩა ამბულატორია, რომელიც ბოლოს 13-14 წლის წინ გარემონტდა. ახლა იქ მხოლოდ 2 ოთახია, სადაც ინახავენ წამლებს და პაციენტებს აწვენენ“, – ამბობს ზურაბ ბაბულაიძე.
თუშეთის ამბულატორიის ექიმს, 80 წლის ირაკლი ხვედაგურიძეს ამბულატორიის განახლებულ შენობაში დარჩენა და პაციენტებისთვის დახმარების ადგილზე აღმოჩენა შეეძლება.
„ამბულატორია არ არის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი. მოტეხილობის ან სხვადასხვა დაზიანებების დროს, გვიწევს კატასტროფის ცენტრის გამოძახება და დაშავებულის ვერტმფრენით გადაყვანა თბილისის ან თელავის საავადმყოფოებში. მოტეხილობები ხშირია მთა-თუშეთში.
დაახლოებით 50 სანტიმეტრამდე რომ არის თოვლი, ნაჩუქარი ცხენით დავდივარ. უფრო დიდ თოვლში ცხენს გადაადგილება უჭირს და ფეხით დავდივარ სოფლიდან სოფლამდე. გავიგე, რომ უნდა აღადგინონ და გაარემონტონ ძველი ამბულატორია. ბოლო წლებში აღარ მჯერა. ხშირად რაღაცებს გვპირდებიან. მოხუცებს გვიხარია, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება“, – ამბობს ირაკლი ხვედაგურიძე, რომელიც ამბულატორიაში 2010 წლიდან მუშაობს.
თუშეთის განვითარების ფონდი ამბულატორიის რეაბილიტაციისა და აღჭურვის დასრულებას 2021 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავს. სარემონტო სამუშაოებზე ათი ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ამ თემაზე:
თუშეთის ექიმი: „პაციენტს ნაკერს და თაბაშირს სანთლის შუქზე ვადებ“