• პანკისში «რიონის ხეობის მცველებს» სოლიდარობა გამოუცხადეს

    შაბათი, 24 აპრილი 2021 16:22 view 8549
    პანკისში «რიონის ხეობის მცველებს» სოლიდარობა გამოუცხადეს

    რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პანკისში სოლიდარობა გამოუცხადეს. აქცია სოფელ ძიბახევში გაიმართა, სადაც 2019 წლის 21 აპრილს პანკისში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმებს შორის შეტაკება მოხდა.

    „არა უკანონო ჰესების მშენებლობას! არა ნამახვანჰესს“, „ხალხის ნება უზენაესია“, „მხარდაჭერა პანკისელებისგან“ – ამ შინაარის ბანერებით სოლიდარობის აქცია დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. აქციას თვალს სამართალდამცველები და ასევე, ხეობაში ჰესების მშენებლობის მომხრე ჯგუფის წარმომადგენლები ადევნებდნენ.

    „ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება უნდა გრძნობდეს ხალხის ძალას და ხალხის ნებას. ჩვენ ამ ადამიანებს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვეუბნებით, რომ არ მოდუნდეთ, თქვენ მართლები ხართ.

    ყურადღება უნდა მიექცეს რიონის ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებს, მოთხოვნები კი არის, რომ ის ხელშეკრულებები, რაც გაფორმებულია, კომპანია „ენკასთან“ უნდა იქნას ბათილად ცნობილი, კომპანიისთვის გადაცემული მიწა უნდა დაბრუნდეს და უნდა გაიხსნას ის რკინის ჯებირები, რომ რიონის ხეობის მცველებს მიეცეთ შესაძლებლობა შევიდნენ თავიანთ ხეობაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ ცათიაშვილმა.

    დილიდან ხეობაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რასაც თემურ ცათიაშვილი აქციას უკავშირებს და მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.

    „დილას აქეთ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები ჩაბურული შუშებით მიზანმიმართულად დადიოდნენ აქეთ-იქეთ ხეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდა აქ მოსვლის სურვილი, თავი შეიკავეს. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ორი წლის უკან ამ ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციაში. ეშინიათ ხელისუფლებამ არ დაიწყოს მკვეთრი და მკაფიო რეპრესიები მათ მიმართ“, – ამბობს ცათიაშვილი.

    აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ემზარ ტოხოსაშვილის თქმით, თუ საჭირო გახდება, აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვა.

    „ფეხითაც ჩავალთ იქამდე, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს ამ უკანონო ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. მოსახლეობას ეშინია აქციაზე გამოჩენა, მაგრამ თუ საჭირო იქნება ქალი, კაცი, დიდი, პატარა – ყველა შეიკრიბება“, – აღნიშნა ემზარ ტოხოსაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.

    მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები ნახევარი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას. მათი მთავარი მოთხოვნებია მთავრობასა და ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, კომპანიისთვის გადაცემული მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნება და ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა.

    პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

    თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მზად იყვნენ დიალოგი გაეგრძელებინათ. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

    დღეს, 24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

    მთავრობის უარის შემდეგ, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საპროტესტო აქციების გაგრძელება დაანონსა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბული აქციის გამართვა 23 მაისს, თბილისში იგეგმება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]