• «ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით» – პანკისის ძიუდოს კლუბი პანდემიის დროს

    ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021 21:01 view 5727
    «ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით» – პანკისის ძიუდოს კლუბი პანდემიის დროს

    დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში ექვსი დღე, 80-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს. პანდემიის გავრცელების პიკში, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ბევრი რამ გაჩერებული იყო, ძიუდოს კლუბის წევრები ვარჯიშს განაგრძობდნენ. ახალი ვირუსის გავრცელებით გამოწვეული დაბნეულობა, ზამთრის ყინვების დროს ღია სივრცეში ვარჯიში და ტრანსპორტის პრობლემა ახლა უკვე უკან არის – პანკისის ძიუდოს კლუბი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. 

    – დათო, მოგვიყევი პანკისის ძიუდოს კლუბში თქვენი საქმიანობის შესახებ. როგორც ვიცით, ეს ერთადერთი ადგილია ხეობაში, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ პროფესიონალურად დაეუფლონ სპორტის სახეობას. 

    – კლუბი ჩამოყალიბდა 2015 წელს, დათო და ვასილ მარგოშვილების მიერ. მას შემდეგ გადავწყვიტე პანკისის ხეობაში მწვრთნელად დამეწყო მუშაობა. ვიცი და მწამს, რომ პანკისის ხეობაში გაიზრდება ძალიან ბევრი ჩემპიონი. ყველა სპორტი და მათ შორის, ძიუდოც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენს კლუბში 80-დან 100 ბავშვამდე ვარჯიშობს. ესენი არიან ბავშვები პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე ამოჰყავთ ბავშვები ახმეტიდან, ქისტაურიდან, ალვნიდან. მათაც სურთ ჩვენთან ვარჯიში. 5-დან და 18 წლამდე ბავშვები არიან. კვირის გარდა ყოველ დღე ვვარჯიშობთ. დღეში სამი ჯგუფი გვყავს. დილის 10 საათზე მოდის ერთი ჯგუფი, შემდეგ 15:30 საათზე – მეორე, ხოლო საღამოს, 17:30 საათზე უკვე დიდები ვარჯიშობენ. 

    – დათო, როგორც ყველა სფეროს, კორონავირუსის პანდემია სპორტსაც შეეხო. როგორ იმოქმედა შექმნილმა ვითარებამ თქვენს საქმიანობაზე? 

    – პანდემია მართლაც ყველას შეეხო, მთელს მსოფლიოს. ძალიან რთული იყო ჩვენთვის. რთულია, როდესაც გიყვარს შენი საქმე, ხედავ ბავშვებს, მონდომებული არიან და უცბად გიწევს, რომ გაჩერდე, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გავჩერებულიყავით. პირველი ტალღის დროს, როდესაც არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე, კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად გავაკეთე ვარჯიშის გეგმა და დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ვაგრძელებდით ბავშვებთან ურთიერთობას, გავუგზავნეთ გეგმა, თუ როგორ უნდა ევარჯიშათ, ასევე დავურიგეთ საჭირო ინვენტარი. შემდეგ, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება შემსუბუქდა, გადავედით ღია სივრცეში, დისტანციის დაცვით ვარჯიშებზე. ამინდი ხშირად ხელს გვიშლიდა. ვარჯიში მოგვიწია იანვრის პერიოდში, როდესაც უკვე ძალიან ციოდა, მაგრამ, ღმერთის წყალობით, შევძელით, არ გავჩერებულვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს. რეგულაციები ნელ-ნელა მოიხსნა და ახლა ჩვეულ ტემპში ვარჯიშს ვაგრძელებთ. 

    – პანდემიის პერიოდში და ამ რთულ დროს, რაც აღწერეთ, ბავშვების ჩართულობა როგორი იყო? ხომ არ იკლო თქვენი მოსწავლეების რაოდენობამ? 

    – ბავშვების ჩართულობამ მცირედით იკლო, რადგან ზოგიერთი მშობელი ფრთხილობდა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად დადიოდნენ ბავშვები. კვირაში ექვსჯერ ვარჯიშობდით და დავიყვანეთ სამ ვარჯიშამდე. ასევე, ვიყენებდით სადეზინფექციო ხსნარებს, მაქსიმალურად ვიცავდით დისტანციის, პირბადის ტარების წესს და სხვა კოვიდ-რეკომენდაციებს.

    – როგორც უკვე ითქვა, დუისის დარბაზში ბავშვები ხეობის სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. ტრანსპორტირებას პრობლემა პანდემიამდეც იდგა და ახლაც არსებობს, მაგრამ პანდემიის დროს, დეკემბერ-იანვარსა და თებერვლის დასაწყისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ამან დამატებით რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?

    – რთული იყო, მაგრამ ვცდილობდი თავად მივსულიყავი ადგილზე და ჩემი მანქანით ჩამომეყვანა ბავშვები და მიმეყვანა უკან სახლებში, რადგან თოვლის პერიოდი იყო, წვიმდა კიდეც და ციოდა. ასე, რომ ვცდილობდი მივსულიყავი, სადაც შემეძლო. პრობლემა იყო ისიც, რომ ვირუსის გამო ბევრ ბავშვს ვერ ჩავსვამდი მანქანაში. ახლა უკვე შევიძინეთ მიკროავტობუსი, რომელიც მალე დაიწყებს სიარულს, მოემსახურება ყველა სოფელს, მოიყვანს ბავშვებს დარბაზში და ასევე დააბრუნებს უკან. როდესაც შეზღუდვები საბოლოოდ გაუქმდება და შეჯიბრებებზე ვივლით, ტრანსპორტირების პრობლემა, რაც აქამდე არსებობდა, აღა გვექნება.

    – ვარჯიშთან ერთად სპორტსმენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეჯიბრებებსა და ე.წ. ზბორებში მონაწილეობა. ამ მხრივ რა შეიცვალა თქვენთვის პანდემიის დროს? 

    – ყველაფერი ჩაკეტილია. არ ტარდება არც შეჯიბრებები და არც „ზბორები“. საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ერთი თვის წინ ჩატარდა პირველი შეჯიბრი. ეს იყო საქართველოს ჩემპიონატი.

    – წარმატებები თუ ჰქონდათ ჩვენს სპორტსმენებს და უახლოეს მომავალში თუ იგეგმება ახალი შეჯიბრი? 

    – შრომა ყოველთვის ფასდება და წარმატებამაც არ დააყოვნა – ჩვენი კლუბის წევრი გახდა საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში უმცროს ჭაბუკებს შორის. ჭაბუკებს შორის ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ, ორი მესამე ადგილი. უახლოეს მომავალში, პანდემიიდან გამომდინარე, შეჯიბრი არ არის დაგეგმილი, მაგრამ როცა იქნება, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]