• თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

    პარასკევი, 28 მაისი 2021 16:40 view 2955
    თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

    ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის, თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ცათიაშვილი გამოკითხვაზე მუქარიდან ერთი თვის შემდეგ დაიბარეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. თემური ცათიაშვილი დუისის პოლიციის განყოფილებაში გუშინ, 27 მაისს, მოწმის სახით იყო დაბარებული და გამომძიებელთა კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

    „პოლიციელების მხრიდან ცუდი განწყობა არ მიგვრძნია, თუმცა ველოდი, იმიტომ, რომ ჯგუფი, ვინც დამემუქრა, ხელისუფლებასთან არის დაახლოებული. 24 აპრილს, როდესაც ძიბახევში დაპირისპირება მოხდა, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო ახმეტის პოლიციის უფროსიც, თუმცა, არაფერი მოუმოქმედებიათ ჩემს დასაცავად. პირიქით, ვინც მემუქრებოდა, ის კი არ გაჰყავდათ ადგილიდან, მე გავყავდი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისინი პოლიციასთან შეთანხმებულად მოქმედებენ

    ეს არ არის აღნიშნულ ჯგუფთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა. ისინი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ და ცდილობენ გააჩუმონ, დისკრედიტაცია მოახდინონ ყველა იმ ადამიანის, ვინც ცდილობს ხმა აიმაღლოს ხეობაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხზე.

    არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, რადგან ველოდი ამ ჯგუფისგან ბოდიშის მოხდას, მაგრამ მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ჩემს დისკრედიტაციას, რომ მომავალში პანკისში ჰესების მშენებლობის მოწააღმდეგეთა რიგებში ჩემი ჩართულობა არ იყოს. მაგათ გამო ხეობაში ხმის ამოღების უფლება ხალხს არ უნდა ჰქონდეს? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს ეს?!“, – განაცხადა თემური ცათიაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან.

    როგორც ცათიაშვილი ამბობს, მას სამმა პირმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. აქედან ორი იცნო, ხოლო მესამის ვინაობა პოლიციამ უნდა დაადგინოს.

    „სამართალდამცველებს აინტერესებდათ, რა მოხდა აქციამდე ერთი დღით ადრე და უშუალოდ აქციის დღეს, იყო თუ არა ამ პირების მხრიდან კონკრეტულად სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩემი მისამართით. პირველ ეტაპზე თავი შევიკავე და არ ვთქვი, თუ რა მძაფრი მუქარები იყო. გამოძიებას ვუთხარი, რომ პრობლემების შექმნით დამემუქრნენ და ეს რას გულისხმობს, თავად გაარკვიონ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ჯგუფს აქვს რაღაც სიახლოვე რამდენიმე წლის წინ მომხდარ ვისური მუთოშვილის მკვლელობასთან, მათი სიტყვები მივიღე მძაფრ მუქარად.

    გამოძიების მხრიდან არის მზაობა, რომ გამოკითხავენ ადამიანებს, რომლებიც იდენტიფცირებულები არიან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია მაქვს, რომ გამოძიება არ მიჩქმალავს ამ საქმეს და თაროზე არ შემოდებს“, – აცხადებს ცათიაშვილი.

    თემურ ცათიაშვილი, პირველ რიგში, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

    24 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ და რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ძიბახევი ის ადგილია, სადაც 2019 წლის 21 აპრილს, საპოლიციო ძალებსა და პანკისის მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, ხეობაში ხადორი 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გამო.

    აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, რასაც აქციის ორგანიზატორი თემურ ცათიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელების გავლენით ხსნიდა. აქციის დასრულების შემდეგ ცათიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ეს ინფორმაცია თემურ ცათიაშვილის შვილმა, მარიამ ცათიაშვილმა გაავრცელა. მაშინ თავად აქციის ორგანიზატორი კომენტარს არ აკეთებდა.

    ინციდენტის თვითმხილველების მიერ პანკისის სათემო რადიოსთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის პირები, ვინც თემურ ცათიაშვილს დაემუქრნენ და როგორც მასზე, ასევე, აქციის კიდევ ერთ მონაწილეზე ფიზიკურად გაიწიეს, პანკისისა და ხადორის ხეობებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა ჯგუფის წევრები არიან. მათი ერთ-ერთი ლიდერი პანკისელი ბიზნესმენი და თეოლოგი ვახტანგ ფარეულიძეა, რომელსაც პანკისის ხეობაში გავლენები აქვს.

    ვახტანგ ფარეულიძემ განაცხადა, რომ თემურ ცათიაშვილს პანკისის ხეობაში აქციების გამართვის მორალური უფლება არ აქვს, სიცოცხლის მოსპობით კი მას არავინ დამუქრებია.

    „მე ამ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ. გუშინ, მაგ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი. თემურ ცათიაშვილს არ აქვს მორალური უფლება პანკისის ხეობაში აქციები გვიანონსოს და აქციები მოაწყოს. პანკისელები მივხედავთ ჩვენს ხეობას, რიონის მცველები მიხედავენ თავის ხეობას“, – ამბობდა ვახტანგ ფარეულიძე „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

    რამდენიმე თვის წინ, ვახტანგ ფარეულიძე ითხოვდა პანკისის ხეობიდან სათემო რადიოც გასულიყო და მუშაობა შეეწყვიტა.

    „რადიოს წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბიზნესმენ ლაშა იორდანიშვილს პანკისის და ხადორის ხეობებში მესამე და მეოთხე ჰესის მშენებლობის საშუალება არ მიეცა. რადგან ინვესტორს არ მიეცა აქ მუშაობის უფლება და ის სპეცრაზმმაც კი ვერ დაიცვა, არც თქვენ უნდა დარჩეთ ხეობაში. რისი იმედი გაქვთ, ვინ დაგიცავთ“, – უთხრა მან პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელს.

    სწორედ ამას მოჰყვა რადიოს წინააღმდეგ აქციები, დარბევის, დამფუძნებელზე თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის მუქარები, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მიმართვისა და უფლებადამცველების საჯარო მოწოდებების მიუხედავად, გამოძიებაც კი არ დაიწყო. მას შემდეგ პანკისის სათემო რადიო იძულებითი შეფერხებით მუშაობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]