• შმაგი მუთოშვილს მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა და 4 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

    ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 18:14 view 7540
    ფოტოზე - შმაგი მუთოშვილი ფოტოზე - შმაგი მუთოშვილი

    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი (ასლან) მუთოშვილის საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ განაჩენი გამოაცხადა. მუთოშვილს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა, ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

    შმაგი მუთოშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში და 4 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორც ადვოკატი კახაბერ სოსელია ამბობს, განაჩენი უკანონოა და დიდი ალბათობით გაასაჩივრებენ.

    დაცვის მხარე აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც მოკლული ვისური მუთოშვილის სახელზე იყო გაფორმებული, ჯოყოლოში, შმაგი მუთოშვილის საცხოვრებელ სახლში არ ინახებოდა და ის ნათესავის ოჯახში იყო. 

    „საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ იარაღი ჩხრეკის მომენტში შმაგის სახლში არ იყო და იყო სხვაგან. ორი პოლიციელი და შმაგი წავიდნენ დუისში მის მოსატანად. შემდეგ ამ იარაღზე თქვეს, თითქოს, ის შმაგის სახლიდან ამოიღეს. არის 12-13 ადამიანის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იარაღი შმაგის სახლში არ ინახებოდა, რომ შემდეგ მოიტანეს და სახლიდან დაულუქავი წაიღეს.

    გარდა ამისა, პოლიციელებმა მისცეს აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთი ამბობდა, რომ მხოლოდ სახლი გაიჩხრიკა, მეორე ამბობდა, რომ ყველაფერი გაიჩხრიკა; ერთი ამბობდა, რომ მხოლოდ იარაღი ამოიღეს, მეორე კი – რომ კიდევ რაღაცა ამოიღეს.

    განაჩენით დადასტურდა, რომ შმაგი მუთოშვილს ეს იარაღი არ უტარებია, არ უსროლია და თურმე მის სახლში იყო. ვინ წაიღო? რატომ წაიღო? ვინ ისროლა? ეს დარჩა მსჯელობის მიღმა.

    განაჩენის გამოცხადების შემდეგ შმაგიმ მოსამართლეს მიმართა, რომ ძალიან უთანასწორო და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან ადვოკატი ვარ, განაჩენს ჩემი ინიციატივით ვერ გავასაჩივრებ, შმაგის უნდა შევუთანხმდე, თუმცა 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მისი სურვილიც ეს არის“, – უთხრა პანკისის სათემო რადიოს კახაბერ სოსელიამ.

    შმაგი მუთოშვილი 2020 წლის 18 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ორი ადამიანის განზრახ მკველობის მცდელობას ედავებოდა, რაც 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შმაგი მუთოშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

    საქმე ეხება 29 ივლისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შმაგი მუთოშვილის ძმა, ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, დღისით, პანკისის ხეობაში, ათამდე პოლიციელის თვალწინ მოკლეს, რაც გვარებს შორის ჰესების მშენებლობის გამო დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. სროლა 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.

    რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობის ბრალდებით 27 წლის არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსამართლემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    განაჩენის გამოტანამდე მკვლელობაში ბრალდებულების ნათესავებმა, სისხლის პატიების მიზნით, მუთოშვილებთან რამდენჯერმე სცადეს შერიგება. ამ პროცესში ქისტი უხუცესები და პოლიტიკოსებიც ჩართეს, მაგრამ შერიგება არ შედგა. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები არც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ და არც გამოძიებისთვის მიუციათ ჩვენება.

    შმაგი მუთოშვილის დაკავებას მისი ახლობლები მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებდნენ.

    „შმაგის აზრით, ვიღაცის ინტერესებშია, რომ ის ციხეში იყოს. მისი ციხეში ყოფნით რა შედეგის მიღწევა უნდათ, ეს ცოტა ბუნდოვანია ჩვენთვისაც და თვითონ შმაგისთვისაც. ეს ყველაფერი შმაგის ძმის მკვლევლობას მოჰყვა და შესაძლებელია, ვიღაცას არ უნდა, რომ ამას რაღაც კონფლიქტი მოჰყვეს, ან უნდათ, რომ ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, შმაგი რაღაცაზე დაიყოლიონ, დაითანხმონ და ა.შ. ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ საქმეში, რომ ვიღაცის ინტერესებია, ეს აშკარააა“, – ამბობდა ადვოკატი კახაბერ სოსელია პანკისის რადიოსთან ინტერვიუს დროს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]