• მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    პარასკევი, 10 სექტემბერი 2021 19:04 view 4800
    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მეოთხე ტალღის აღმავალ ეტაპზე, დღიური ინფიცირება ჯერ 200, შემდეგ კი 400-500 შემთხვევაზე ავიდა, რაც რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ბოლო კვირების განმავლობაში, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს.

    კახეთში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე ნელი ხიზანიშვილმა პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ისაუბრა.

    ქალბატონო ნელი, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, კახეთი, კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, რეგიონებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. რა განაპირობებს ამას?

    – ეს განპირობებულია იმით, რომ კახეთი ყველაზე მობილური რეგიონია. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ახლოს არის თბილისთან, ყველა ის ადამიანი, ვისაც საშუალება ჰქონდა, რომ გასულიყო ქალაქიდან, ჩამოვიდნენ კახეთში; მეორე ის, რომ ეს არის ტურისტული რეგიონი და როგორც გარე, ისე შიდა ტურისტების მობილობა მაღალია. მოგეხსენებათ, რომ კახეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა და მესამე - მოგეხსენებათ, რომ ახლა არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონი, ხილის კრეფის პერიოდი, მოსავლის აღების პერიოდი, ვენახი და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამუშაოდ ჩამოსული. როდესაც ანგარიშს ვაკეთებ და ვნახულობ საიდან არიან ჩამოსულები, არ არის დარჩენილი რეგიონი, საიდანაც არ იქნებოდნენ ჩამოსული. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის გაზრდილი მობილობა. გარდა ამისა,

    მოსახლეობამ თითქოს მიივიწყა კოვიდი, აღარ იცავდა რეგულაციებს, პირბადის ტარება კატასტროფულად შემცირდა. ასევე, არ იცავდნენ თვითიზოლაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აღსრულებაზე კონტროლიც შემსუბუქებული იყო. ამანაც განაპირობა შემთხვევების ასეთი მატება. გარდა ამისა, იყო ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი.

    – კახეთში რამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა? არიან მათ შორის არასწრულწლოვნები?

    – რა თქმა უნდა, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც, თუმცა ჩვენთან, კახეთში, ბავშვთა სტაციონარი არ გვაქვს. ამიტომ ისინი თბილისში იმყოფებიან. კახეთში სულ გვაქვს შვიდი სტაციონარი, სადაც შეიძლება კოვიდის მკურნალობა. აქედან 5 არის სუფთა კოვიდ და 2 ჰიბრიდული დაწესებულება, სადაც შეიძლება უმკურნალო როგორც კოვიდს, ასევე არაკოვიდ დაავადებას. თითქმის მთლიანად შევსებულია ადგილები, თუმცა თუ არ არის შესაძლებლობა, რომ კახეთის სტაციონარებში გადავიდნენ პაციენტები, ხდება თბილისის დაწესებულებებში გადაყვანა, ისევე როგორც, თუ ადგილი თავისუფალია, შეიძლება სხვა რეგიონიდანაც მოხვდნენ ჩვენთან პაციენტები.

    ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დღეის მდგომარეობით, არის დაახლოებით 220, აქტიური შემთხვევა კი 4900-მდე გვაქვს. გარდაცვლილთა რაოდენობაა 131.

    – ამ მძიმე პანდემიის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება არის ვაქცინა. კახეთში ყოველდღიურად საშუალოდ რამდენი აცრა კეთდება?

    – საბედნიეროდ, კარგი ტენდენციაა, ზრდის დინამიკა აღინიშნება და მოსახლეობის სულ უფრო მეტი და მეტი ნაწილი ერთვება ვაქცინაციაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

    ამჟამად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს 13 ამცრელი დაწესებულება, სადაც შეუძლიათ, რომ მივიდნენ და აიცრან როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ასევე ცოცხალ რიგით.

    ოთხი ვაქცინის ადინისტრირება მიმდინარეობს კახეთში. ეს არის „ასტრაზენეკა“, რომელზეც აცრა ხდება კახეთის მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში - თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის კლინიკებში და 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აცრა. მეორე გახლავთ „ფაიზერი“, რომელზეც აცრა ხდება ყველა მუნიციპალიტეტში. შემდეგი არის „სინოფარმი“, რომელზეც დღესდღეობით შეზღუდვა გვაქვს პირველ დოზებზე, მეორე დოზებზე კი შესაძლებელია აცრა და ეს არის „სინოვაკი“, რომელზეც არანაირ შეზღუდვა არ არსებობს, როგორც პირველ, ისე მეორე დოზებზე.

    3 ამცრელი დაწესებულება გახლავთ თელავში, 3 – საგარეჯოში, 2 – ახმეტაში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თითო-თითო ამცრელი დაწესებულებაა. ბოლო კვირაში ჩატარებული აცრების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა მიაღწია 1600-ს. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

    როგორც გითხარით ამ პერიოდში კახეთში მოსახლეობა ძალიან დაკავებულია. ახლა მოსავლის აღება და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას უჭირს სპეციალურად აცრის გამო გადაადგილება. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა და ამის გამო მუნიციპალურ ცენტრებში გადაადგილება უჭირს მოსახლეობას. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ

    კახეთში აცრები ჩავიტანოთ ამბულატორიების დონეზე, ვაქცინაცია გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რომ ზედმეტი ბარიერის გარეშე შეძლონ ადამიანებმა აცრა. დღეისთავის გამზადებულია ასეთი 21 ამბულატორია, სადაც დაიწყო ან დღე-დღეზე დაიწყება აცრები. ეს არის დიდი სოფლები, ან მუნიციპალური ცენტრისგან დაშორებული დასახლებები.

    – ახმეტის მუნიციპალიტეტში თუ შეირჩა ასეთი ამბულატორიები?

    – ახმეტის მუნიციპალიტეტი, სამწუხაროდ, ერთადერთია, სადაც ჯერ-ჯერობით არ არის შერჩეული ამბულატორია, თუმცა მიმდინარეობს შერჩევა. როგორც მითხრეს, საუბარია ქვემო ალვანის ამბულატორიაზე. აქ ტექნიკურია საკითხებია, ექიმებთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ეტაპობრივად თითქმის ყველა ამბულატორია ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. დასაწყისისთვის, იქ სადაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურაა, ექიმები უფრო ყოჩაღები არიან, უფრო გამბედავი და პასუხისმგებლიანები არიან, იმ ამბულატორიებში ვიწყებთ და მერე თანდათან გავაფართოვებთ. 

    – მსურველებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეეძლებათ აცრა?

    – დიახ, ამბულატორიებში ჯავშნები არ იქნება, ცოცხალი რიგი იმოქმედებს. სპეციალური დღეები იქნება გამოყოფილი, ვთქვათ კვირაში ორი-სამი დღე. თუ მაღალი მოთხოვნა იქნება, მაშინ ყოველდღიურად ჩატარდება აცრები.

    როგორია ვაქცინაციის მაჩვენებლი სხვადასხვა პრიორიტეტულ ჯგუფში, მაგალითად, მასწავლებლებში? ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასკოლო ოთახებში სწავლის პროცესის განახლება შესაძლებელი გახდეს.

    – ეს ინფორმაცია რესურსცენრებს ექნებათ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბევრი პედაგოგი ნამდვილად არ არის აცრილი. გვქონდა ასეთი შეთავაზება, რომ რესურსცენტრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის გადმოეცათ სია იმ პერსონალის, ვინც აცრაზე იყო თანახმა და რომელი იყო მათთვის სასურველი ვაქცინა. ბევრი ნამდვილად არ იყვნენ. ამ ჯგუფში ვაქცინაცია თავიდან ძალიან აქტიურად დაიწყო, ვისაც უნდოდა რომ აცრილიყო, აიცრა, თუმცა ამ ბოლო დროს აქტიურობა დაბალია.

    – და რა განაპიობებს პედაგოგების ასეთ დაბალ აქტიურობას?

    – ვერ გეტყვით.

    ვფიქრობ, პედაგოგები ის კატეგორიაა, რომელიც თავად უნდა იყოს მონდომებული, უნდა გვეხმარებოდნენ აცრების პროპაგანდაში, უნდა უნდოდეთ, რომ უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ სკოლაში, რომ დაამთავრონ ბოლოსდაბოლოს ონლაინ რეჟიმები და გადავიდნენ საკლასო ოთახებში. ამისთვის ერთადერთი პირობა გახლავთ ვაქცინაცია.

    მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ვერ ავცრით და აქედან გამომდინარე, პედაგოგები უნდა იყვნენ აცრილი, დიდი პროცენტი მაინც. თვითონ უნდა გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ სკოლის წინაშე, თავისი ოჯახის, ბავშვების წინაშე და საერთო ჯამში ქვეყნის წინაშე.

    – 16 წელის და ზემოთ ახალგაზრდები თუ იცრებიან? ამ მხრივ როგორი დინამიკაა?

    – იცრებიან. მოგეხსენებათ, ჩვენთან „ფაიზერით“ აცრა უკვე 16 წელს ზემოთ ადამიანებსაც შეუძლიათ. ძალიან სასიხარულოა, რომ იცრებიან ბავშვები 16 წელს ზემოთ.

    ასევე „ფაიზერით“ არის დაშვებული ორსულების აცრა. ამიტომ ექიმები ორსულებს ვთხოვთ, რომ აიცრან და დაიცვან რეგულაციები.

    მთავრობის ამოცანაა, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. რამდენად რეალურია ეს? თუნდაც კახეთში ვაქცინაციის მაჩვენებლის გათავალისწინებით?

    – ეს რეალურია, რადგან, მაგალითად, კახეთში 50 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი. ჩვენ გადავდივართ გაფართოებულ ვაქცინაციაზე სოფლების დონეზე, სადაც ყოველდღიურად უფრო მეტი აცრის ჩატარების საშუალება იქნება, თუ მოსახლეობა წამოგვყვება ამაზე. მოსახლეობას ყველა პირობას ვუქმნით, რომ აიცრას. ამიტომ ეს არის მიღწევადი პირობა, თუ ადამიანები სურვილს გამოთქვამენ, რომ აიცრან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]