როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ყლარტიაულმა განუცხადა, 112-ზე შეტყობინება გუშინ, 22:00 საათის შემდეგ შევიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული ამოიყვანეს, 5 წლის ბავშვს კი ვერ პოულობდნენ. სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდა. ბავშვის ცხედარი გამთენიისას იპოვეს.
სამაშველო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მაშველიც დაშავდა. მან ფეხის დაზიანება მიიღო და სხვა დაშავებულებთან ერთად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ნისლი გახდა. „ახლა ვბრუნდები მეც თუშეთიდან. გზაზე მწყემსებს ვკითხე და მითხრეს, რომ ცუდი ამინდი იყო, ჭექა – ქუხილი, რის შემდეგაც ხეობაში ნისლი ჩამოწვა. სავარაუდოდ გზა ვეღარ დაინახეს და ხრამში გადავარდნენ“, – აღნიშნა კახოიძემ.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ. „ბოთლის წყალთან“ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი, 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე ადგილზე დაიღუპნენ.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი. გზა მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის.
თუშეთის გზა ერთერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე.
ამ თემაზე:
თუშეთის გზაზე დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია