• ქალები პოლიტიკაში პანკისის ხეობაში

    პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 11:47 view 5881
    ქალები პოლიტიკაში პანკისის ხეობაში

    თამარ მარგოშვილი პირველი ქალია, რომელიც პანკისში სოფლის გამგებლად დაინიშნა. თვითმმართველობის ორგანოში ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცდა მან 2014 წლის დეკემბერში ჩააბარა, მაგრამ 9 თვის განმავლობაში ვაკანტურ პოზიციაზე არ ნიშნავდნენ.

    „თითქოს ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარე, ქალს არ შეეძლო ამ თანამდებობაზე გასვლა. მე ვერ წარმომიდგენია, ჩვეულებრივ საჯარო მოხელედ რატომ არ შემეძლო გავსულიყავი და მემუშავა ამ თანამდებობაზე“, - აღნიშნავს თამარ მარგოშვილი.

    სოფელ დუისის გამგებლად ქალის დანიშვნა მაშინ უარყოფითად შეაფასა სოფელ დუისის ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამმა ომარ ალდამოვმა.

    „როგორც მუსლიმი კაცი, როგორ იმამი, მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იჯდეს ოჯახში. ოჯახს უნდა მიხედოს, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, მშნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ კაცი იქნება, ოღონდ თავისი საქმე უნდა ესმოდეს“, - აღნიშნავდა ომარ ალდამოვი.

    ლუიზა მუთოშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. დუისის სკოლაში ის ქართულ ენას ასწავლის. ლუიზამ გაბედა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა მისი თამამი გადაწყვეტილება ნათესავებმა არ მოიწონეს და როგორც ლუიზა ამბობს, არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. ლუიზა კონკურენტ კანდიდატთან, რომელიც მამაკაცია, მხოლოდ 13 ხმით დამარცხდა.

    „მე ვფიქრობ, იქ იყო სხვადასხვა მიზეზები რატომაც წავაგე არჩევნები, თუმცა მე გამოვყოფდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორ ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა იყო ძალიან მცირე, ყველაფრის მიუხედავად მე მოვიგებდი არჩევნებს, არჩევნებზე რომ მოსულიყვნენ ყველაზე ჩემიანები. არ მოვიდნენ იმიტომ, რომ მე ვიყავი ქალი, ჩემი ნათესავების აზრით, ჯობია მე ვიყო ოჯახში და არ ვიყო ასე აქტიურად ჩართული. მაგალითად, მიზეზი იყო ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში მომიწევდა საკრებულოში მუშაობა, სადაც თანამშრომლების უმრავლესობა იქნებოდნენ მამაკაცები. ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაი არცთუ ისე ჯანსაღია. მარტო მამაკაცები არა, ქალებიც ასე ფიქრობდნენ. მე ვფიქრობ, რომ რაღაცეები არ უნდა გვაბრკოლებდეს“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი.

    წინააღმდეგობების მიუხედავად, ლუიზამ პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელა. 2 წლის განმავლობაში ის რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. პედაგოგიური საქმიანობის გარდა ლუიზა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში.

    „არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის იყო ძალიან კარგი ტესტი იმის გასაგებად, რეალურად რა პრობლემებს აწყდებიან ჩვენ თემში მცხოვრები ქალები. მამაკაცები ღია საუბრებში ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ისინი არ უშლიან ქალებს ჩაერთონ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა რეალურად რამდენად უწყობენ ხელს, ეს ცალკე თემაა. ქისტი ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პოლიტიკაში, მაჩვენებელია იმისა, რამდენად მოქმედებს ის სტერეოტიპები თუ სხვა წინააღმდეგობები, რომელიც ქალების მონაწილეობას ხელს უშლის“, – აღნიშნავს ლუიზა.

    „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, კახეთის 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში 263 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტიც კი არ არის. გარდა ამისა, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია. 

    მოისმინეთ დიანა გაურგაშვილის სიუჟეტი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]