არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით ერთდღიანი ტურნირი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ სოფელ დუისის კულტურის სახლში გაიმართა. ტურნირში დუისის, ჯოყოლოს, დუმასტურის, ბირკიანისა და ომალოს საჯარო სკოლების ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
შეკითხვები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა და ზოგად ცოდნაზე იყო ორიენტირებული. ინტელექტუალურ თამაშში 30 დასმული შეკითხვის შემდეგ, გამარჯვებული სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი, 13 ქულა დააგროვა. გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო სიგელები და წიგნები გადაეცა.
თამაშისას სიმბოლური პრიზებით ასევე დაჯილდოვდა 11 ქულით მეორე ადგილზე გასული დუისის სკოლის გუნდი სახელად „პრესტო“, რომელმაც ნომინაციაში „გუნდი სიმპათია“ გაიმარჯვა.
გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნეც, რომელიც მონაწილე გუნდების კაპიტნებს შორის ჩატარებულ პირად შეჯიბრში გუნდ „მწვანე ქუჩის ხულიგნების“ კაპიტანი სულეიმან მუთოშვილი გახდა (14 ქულა). საუკეთესო მოაზროვნე პანკისის ხეობის სათემო რადიო WAY-ს მიერ დაწესებული პრიზით, პლანშეტით დაჯილდოვდა. თამაშის საუკეთესო მონაწილეებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ გუდაურში უმასპინძლებს.
ინტელექტუალური თამაში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის მხარდაჭერით ჩაატარა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში სოფელ დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ომალოსა და დუმასტურის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ შეიქმნა პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბი, რომელიც კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას.
პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, შეხვდებიან წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც პანკისელ ახალგაზრდებს გააცნობენ კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს, დაეხმარებიან მათ პროფესიის სწორად არჩევაში და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
პროექტის ფარგლებში დუისში ფრენბურთის მოედანიც მოეწყობა, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ტურნირსა და ღონისძიებას უმასპინძლებს. სპორტული ტურნირები ჩატარდება ფეხბურთში, ფრენბურთსა და ჭიდაობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრები და მათი თანატოლები.
ახალგაზრდული კლუბის წევრებს პანკისის სათემო რადიოს კონსულტანტები შეასწავლიან ახალგაზრდულ საკითხებზე გადაცემების მომზადების ტექნიკას და სპეციფიკას, თემის წევრებთან ეფექტურ მუშაობას. კლუბის წევრები მოამზადებენ გადაცემას „ახალგაზრდების სიტყვა“, რომელიც პანკისის სათემო რადიოს ეთერში გავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობაში 2015 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანი ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.