როგორც შემთხვევის ადგილიდან პანკისის სათემო რადიო WAY-ს კორესპონდენტი იტყობინება, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, ბენზინი კულტურის სახლის შენობის მეორე სართულზე, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის კორიდორშია დაღვრილი. დამწვარია შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი.
ცეცხლი კულტურის სახლის დარაჯმა შენიშნა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მუშაობენ.
იზა ბექაური კულტურის სახლში ცეცხლის გაჩენას მისი ორგანიზაციის აქტივობებს უკავშირებს.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში სიმღერისა და ცეკვის წრეებიც ფუნქციონირებს, ამასთან ხშირად ტარდება კულტურული ღონისძიებებიც, რაზედაც პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი პრეტენზიებს საჯაროდ გამოთქვამს. მათი თქმით, ისლამი ცეკვასა და სიმღერას კრძალავს.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ფაქტზე ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მოკვლევა მიმდინარეობს.
ამ თემაზე: იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან