„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს შარშან ნაძვისხის დაწვა, რომელიც რატომღაც არ იქნა გამოძიებული და არ დაინტერესდნენ ძალოვანი უწყებები ამ საქმით. ყველა ჩვენგანს ძალიან დიდი შიში გვაქვს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც უარესიც მოხდეს. აუცილებელია რომ ძალოვანმა უწყებებმა მიხედონ ამ საქმეს, გამოიძიონ, რადგან მოხდეს პრევენცია შემდგომში თუნდაც მსგავსი ან უარესი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით“, – აღნიშნავს ლუიზა მუთოშვილი.
უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი 3 იანვარს, საღამოს წაუკიდეს. დამწვარია ერთ–ერთი ოთახის კარი და იატაკის მცირე ნაწილი. ცეცხლი დარაჯმა დროულად შენიშნა და მისი ჩაქრობა მოახერხა.
ორგანიზაციის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, ამ ინციდენტს წინ მუქარები უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.
დუისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.