• აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხუტუნიშვილს - 11, ფირისებიას - 10

    ორშაბათი, 07 მარტი 2016 18:16 view 6131
    აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხუტუნიშვილს - 11, ფირისებიას - 10

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    მოსამართლე ლილი მსხილაძემ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა აიუფ ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულ გიორგი ხუტუნიშვილს, 10 წელი კი დავით ფირისებიას. რაც შეეხება გიორგი კუპრავას, მან სასამართლო პროცესის დასრულებამდე ჩვენება შეცვალა და ბრალი აღიარა, რის გამოც პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. კუპრავას 1 წლით პატიმრობა და 5 წელი პირობითი მიესაჯა.

    აიუფ ბორჩაშვილს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 327 პრიმა და 328–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა. 327 პრიმა მუხლი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებას გულისხმობს და სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 328–ე მუხლი კი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

    პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედებოდა სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც.

    ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულები იყვნენ თბილისში მაცხოვრებლები: კომპანია „სილქნეტის“ ყოფილი თანამშრომელი 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი, 21 წლის გიორგი კუპრავა და 18 წლის დავით ფირისებია. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ის 328–ე მუხლით მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აიუფ ბორჩაშვილმა გადაიბირა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის, თურქეთის გავლით სირიაში მიემგზავრებოდნენ. ორი მათგანი თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთში გამგზავრებამდე, ხოლო მესამე, თბილისში ცალკე აიყვანეს.

    აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატის გია ტაბლიაშვილის განცხადებით, მოსამართლემ აიუფ ბორჩაშვილი ორივე მუხლით ცნო დამნაშავედ, ფირისებია და ხუტუნიშვილი კი ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ნაწილში გაამართლა, წევრობის ნაწილში კი დამნაშავედ მიიჩნია.

    სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვლიეს ფარული ვიდეოჩანაწერიც, რომელზეც აიუფ ბორჩაშვილის დაკავებამდე მისი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრაა გადაღებული. ბორჩაშვილი აცხადებს, რომ ის ხალიფატის წარმომადგენელია საქართველოში და მისი ერთ–ერთი ფუნქცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებისგან ბაიათის (ფიცის) მიღებაა.

    აიუფ ბორჩაშვილი ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ მას რაიმე კავშირი აქვს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების მუსლიმ კუშატანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის გაგზავნასთან. მისი თქმით, ამ თხოვნით ბავშვები მასთან რამდენჯერმე მივიდნენ, თუმცა უარი უთხრა. მათი წასვლის შემდეგ კი, მშობლების თხოვნით, ბავშვებს დაუკავშირდა და უკან დაბრუნება სთხოვა, რაზედაც ისინი არ დათანხმდნენ.

    აიუფ ბორჩაშვილის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე, მისივე ნათესავი, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბორჩაშვილია. პროკურატურას ის მოწმის დაცვის პროგრამაში ჰყავს ჩასმული.

    შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება „იარმუკის“ მეთაურმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას შემოუთვალა, რომ თუ აიუფ ბორჩაშვილს და „დანარჩენ ძმებს“ არ გაათავისუფლებდნენ, საქართველოში მოქალაქეების და ტურისტების უსაფრთხოება დასრულდებოდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]