• 86 წლის ეთერ ბორჩაშვილი პანკისის ხეობიდან

    ორშაბათი, 16 იანვარი 2017 19:05 view 4122
    86 წლის ეთერ ბორჩაშვილი პანკისის ხეობიდან

    „სუ ტანჯვით გაზრდილი ვარ, ტანჯვით გაზრდილი. 6 წლისა ვიყავი დედა რომ მომიკვდა. 7 წლისა მიმიღო, მგონი, სკოლამ. ახლა კიდევ ჩაცმა არა მქონდა. დედაჩემის ტანისამოსი დახიეს, დაჭრეს, დააპატარავეს და რომ მაცმევდნენ, მე მოვკვდე, ვღრიალებდი დედაჩემის ტანისამოსს არ ჩავიცმევ მეთქი. პალტო ვის ენახნა, ჟაკეტი ვის ენახნა. მაინც ნიჭი მქონდა, ისეთი ნიჭი და ძალიან კარგად ვსწავლობდი. ფრიადი იყო მაშინ, ფრიადოსანი ვიყავი.

    1 მაისს, პრაზდნიკები რომ იყო, კედელზე გამომაკრავდნენ ხოლმე, ფრიადოსანი არიო. მაშინ ძაან ძნელიც იყო, შუქი არ იყო და ბუხრის სინათლეზე ვსწავლობდი. სკოლაში არ წავიდოდი, თუ გაკვეთილი კარგად არ ვიცოდი. საერთოდ ნიჭი მქონდა, მაგრამ უპატრონობის გამო ვერ დავამთავრე სკოლა, მამაჩემმა დამანებებინა თავი. 5 კლასი დავამთავრე, მერე წამიყვანეს და 9 წელი ხევსურეთში ვიყავით. მამა და ძმები იქ მწყემსებად იყვნენ, მე კიდევ მომვლელი ხომ მინდოდა და წამიყვანეს, რომ თვალ-ყურის ქვეშ ვყოფილიყავი, ბავშვი ვიყავი. იქ მარტო ბინის ყარაული ვიყავი, მე მაგათ საჭმელს არ ვუმზადებდი. მერე ჩემი ერთი ძმა ომში დაიკარგა, ომის დროს ცოლიც მოუკვდა და გოგოც ერთი წლისა. დარჩა ბიჭი ორი წლისა. მე ათი წლისა ვიყავი, ორი წლის ჩემ ძმისშვილს რომ ვზრდიდი. 19 წლამდე გავზარდე და რო გავთხოვდი, ეგ კიდევ ჯარში წავიდა.

    19 წლისა გავთხოვდი. მე სხვა მიყვარდა, მაგრამ ნათესაობამ დედისერთა არისო, ჩვენც დაგეხმარებითო და გამათხოვეს. 7 შვილი მყავდა, 2 მომიკვდა. ახლა ყველა თავ-თავიანთვისა ცხოვრობენ, ჩემთან არავინაც არ არის, მარტო ღმერთია. ისე მიყვარდა ჩემი შვილები, სიტკბოს გულისთვის ფეხებთანაც ვიწვენდი ბალღებს და თავთანაც. დედამთილი მეხმარებოდა, ძალიან კარგი დედამთილი მყავდა. ავი ქალი კი იყო, კაცებს ეშინოდათ ჩემი დედამთილისა, მაგრამ მე მოთმინების ქალი ვარ, რაც არ უნდა ელაპარაკა და ელანძღნა, ყურს არ ვუგდებდი. ჰო, აი, გაჭირვებით გაზრდილი რო ვიყავი, ვიტანდი ყველაფერს.

    აი, ჩემი ბალღები რომ დადიოდნენ სკოლაში ღამე დავსვამდი, არც პურს ვაჭმევდი, არც ვაძინებდი. მე მოვკვდე, ეხლაც გამიხსენებენ ხოლმე, შენიო თავში წარტყმა არ გვავიწყდებაო. სანამ გაკვეთილს არ ჩამაბარებდნენ, თავს არ ვანებებდი. თვითონ ვჩეჩავდი, ან ვართავდი, ან რაღაცა საქმეს ვაკეთებდი. იმათ კიდევ არც ვაჭმევდი და არც ვაძინებდი, გაკვეთილი ჩამაბარეთ-მეთქი. მე მინდოდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ესწავლათ. ეხლა მყავს შვილიშვილი, სტუდენტია მეოთხე წელია. ისე მიყვარს, ისე მიყვარს სუ გაგიჟებით, რო ნიჭიერია და სწავლობს. ახლა კიდევ ერთი შვილიშვილია, წელს მომივიდა მაგისი სურათი - დიპლომი ხელში აქვს, მედალი კიდევ გულზე. პირველობა მიუღია ფეხბურთში. მაშ! ისეთი გამიხარდა, ისეთი გამიხარდა. აი, ის სტუდენტი მეტყვის ხოლმე „ბაბო, რა გიხარიან, რო ეგრე გიყვარვარო“. როგორ არ მიხარიან-მეთქი, სტუდენტი მყავს შვილიშვილი! სწავლა მინდოდა, სწავლა მინდოდა. არა მქონდა დრო და პატრონი, ეეეჰ...

    ჩემს სიცოცხლეში მე სიკარგე არ მინახნია. ბოდიშით კი, მარტო მეუღლე მყავდა კარგი, ოქრო მყავდა მეუღლე ხასიათით, ყველაფრით... მეტყოდა ხოლმე, ოღონდ ჩემ დედ-მამას სიტყვას ნუ შეუბრუნებო და შენი გაკეთებულ მე არაფერი არ მინდაო, მაშ. რას ამბობ, ისეთი კარგი იყო ისეთი, მაგისთვის ვარ მადლობელი, მთავარიც ეგ არი.“

    © 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]