„თუშეთში ინტერნეტის გაყვანის სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება, რადგან მანამდე თუშეთისკენ მიმავალი გზა არ იხსნება და იქ ფიზიკურად ვერ ავალთ. ვვარაუდობთ, რომ ყველაზე გვიან, 10 ივლისისთვის თუშეთში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამ პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - „ინტერნეტსაზოგადოება“ აფინანსებს. პირველ ეტაპზე თუშეთში ინტერნეტს 80-მდე აბონენტი მიიღებს. აქედან 48 მცირე და საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროა. მომსახურების ფასი მინიმალური იქნება. ეს დონორის მოთხოვნაა, რადგან თუშეთში ინტერნეტის შეყვანა სოციალური პროექტია და არა კომერციული. ქსელს ოპერირებას არაკომერციული ორგანიზაცია - „თუშეთის განვითარების ფონდი“ გაუწევს. დონორის მოთხოვნით ის მინიმალურ მოგებაზე იმუშავებს: ეს იქნება ის თანხა, რაც ქსელის შენახვისა და გამართული მუშაობისთვის იქნება საჭირო. სავარაუდოდ, 5 მგბ/წმ სიმძლავრის ინტერნეტის ფასი 25 ლარი იქნება,“ - უთხრა mtisambebi.ge-ს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა.
პირველ ეტაპზე ინტერნეტის ქსელით თუშეთის ის სოფლები დაიფარება, სადაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს და შედარებით მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. მოთხოვნის შემთხვევაში, ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.
თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, 30 მამაკაცი და 17 ქალი. 37 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ ომალოში, რამდენიმე კი ბოჭორნაში, კვავლოში, შენაქოში, ჩიღოსა და წაროში.
თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის მიერ თუშეთში, სოფელ ომალოში დაგეგმილია აეროდრომის მშენებლობაც.