• სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ეუთოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

    ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:12 view 4264
    სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ეუთოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.

    ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანი შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებებით ეუთოს საქმიანობის გაცნობა და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება იყო.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 7 ქვეყნიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვა). მათ ერთმანეთს გააცნეს ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან, ასევე ქსენოფობიასთან, სიძულვილის ენასთან და ხულიგანიზმთან დაკავშირებით საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ საშუალება ჰქონდა შეხვედრის მონაწილეთათვის და ფასილიტატორებისთვის გაეცნო საკუთარი საქმიანობა და გამოცდილება, რომელიც პანკისის ხეობაში მიმართულია ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელთა ინტეგრაციისა და ძალადობის პრევენციისკენ. ყურადღება გამახვილდა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, კულტურული ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პანკისის სათემო რადიო WAY-ს როლსა და მნიშვნელობაზე თემის წევრების ინფორმირებულობის, გააქტიურებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საქმეში.
    სამუშაო შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელიც წარმოაჩენს ახალგაზრდების საერთო ხედვას იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ მათ ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციაში და რა ღონისძიებები უნდა განახორციელონ გადაწყვეტილებების მიმღებმა მხარეებმა, მათ შორის, ეუთოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

    დოკუმენტში ასახულია ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის გამოხატულებები და მათი გამომწვევი ძირითადი ფაქტორები შავი ზღვის რეგიონში. რეკომენდაციები კი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: განათლება, კულტურა, ადამიანის უფლებები, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება და ინტეგრაცია, მედია და კვლევები.

    კიშინიოვში ფორმულირებულ რეკომენდაციებს ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები გაეცნობიან 2017 წლის მაისში, ვენაში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც ექსტრემიზმის პრევენციასა და მასთან ბრძოლას ეძღვნება.

    2017 წელს ეუთოს ავსტრია თავმჯდომარეობს, რომელმაც თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ახალგაზრდობა, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია განსაზღვრა.

    ეუთო მსოფლიოში ყველაზე დიდი რეგიონალური ორგანიზაციაა, რომელიც 56 სახელმწიფოს აერთიანებს. ეუთოს მისია საქართველოში 1992 წელს დაარსდა და საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევდა კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]