• 87 წლის ეთერ გუმაშვილის დღიური პანკისიდან - სახლიდან აყრის სიმძიმე

    ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 14:28 view 9087
    87 წლის ეთერ გუმაშვილის დღიური პანკისიდან - სახლიდან აყრის სიმძიმე

    23 თებერვალი ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დღეა. გადასახლება მაშინდელი ჩეჩნეთ–ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდა.

    საბჭოთა ხელისუფლება გადასახლების მიზეზად მასობრივ დეზერტირობას, ომის დროს ჯარში გაწვევისაგან თავის არიდებასა და საბჭოთა არმიის ზურგში შეიარაღებული ამბოხების მომზადებას ასახელებდა. დეპორტაციის დროს 500 ათასი ჩეჩენი და ინგუში გადაასახლეს. აქედან შიმშილის, გაჭირვების, ასევე სამხედროების მხრიდან არაადამიანური ქმედების გამო დაახლოებით 100 ათასი დაიღუპა.

    დღეს იმ ადამიანთაგან, რომელთაც ეს ამბები უშუალოდ გადახდათ, ბევრი ცოცხალი აღარც არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი ეთერ გუმაშვილი - ბორჩაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თავის თავზე გამოსცადა სახლიდან აყრის სიმძიმე, თუმცა, საბედნიეროდ, გადასახლებას გადაურჩა. 

     

    „დავიბადე 1930 წელს. წელს 87 წლის ვხდები. ჩემს თავზე ერთი ზარბაზნის ქვა არ მოტრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი მინახავს.

    6 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა, მამა ხევსურეთში იყო მწყემსად. ჩემი ძმებიც იქ იყვნენ ხოლმე. მეც მეხუთე კლასი რომ დავასრულე, მამამ წამიყვანა თავისთან. მაშინ 13 წლის ვიყავი. ჯარეგოს ვიდექთ, უფრო სწორად ალაქოს, ჯარეგოს საზამთრო სადგომში, ზაფხულობით ხევსურეთში, შატილისკენ ამოვდიოდით.

    ერთი ღამით, მარტის დასაწყისი იყო, ალაქოში ვიყავით და გვეძინა. უცებ ძაღლებმა ყეფა ატეხეს. ყეფის ხმაზე მამაჩემი გარეთ გავიდა, რომ არ შემოვიდა, ჩემმა ძმამ გახედა. სტუმარი გვყავდა, იმანაც გაიხედა, ბოლოს მეც გავედი. 6-7 კაცი ჰყავდა მამას გარშემოხვეული და არ უშვებდნენ.

    „აიბარგეთ, უნდა წამოხვიდეთო“, - გვითხრეს. ამასობაში გათენდა კიდეც. ცხვარი, ძროხა ცხენები - ეგრევე დაგვატოვებინეს. მამამ რაც შეძლო, ბარგი ორ ცხენს აკიდა და გავედით ჯარეგოში. იქ ჯარი იდგა.

    დაბლა დავეშვით. მახსოვს დიდი თეთრი სკოლის შენობა და ეზოში მოქუჩებული უამრავი ხალხი სხვადასხვა სოფლიდან. ხალხი ნამაზს აკეთებდა და ლოცულობდა. ლოცვაში გაატერეს ის ღამე. მემრე, დილა რომ გათენდა, ჩაგვიყენეს ჯარისკაცები, ყოველ ორ კაცს ერთი ჯარისკაცი და წავედით, არც უკან მიხედვა შეიძლებაო და არც დალაპარაკება.

    ერთგან მაღლა კლდეებიდან სროლა დაიწყეს, ორი ჯარისკაცი და ერთი ლეიტენანტი მოკლეს.

    სამხედროები, თავი რომ დაეცვათ, ქუდებს და ფარაჯებს უცვლიდნენ ჩვენიანებს. ისინი თავდასხმამ გააშმაგა: თუ ვინმე შიმშილის ან სხვა მიზეზის გამო ვერ მოდიოდა, ეგრევე კლავდნენ.

    მამაჩემმა ერთ ხერხს მიმართა, მთელი გზა მხოლოდ ქართულად გველაპარაკებოდა და იმათაც ეუბნებოდა, რომ თელავიდან ვიყავით, ქართველები.

    ტყეში ვათენებდით, მხოლოდ ცეცხლს თუ დავანთებდით. მარტი იყო, ზოგან თოვლი იდო. ციოდა, ბევრი ადამიანი სიცივისგანაც კვდებოდა.

    მამაჩემმა წამოსვლისას ერთი დიდი გუდა აავსო ქუმელით, ერბოს ურევდა, გვაჭმევდა, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით. საჭმელი ყველას არ ჰქონდა და მამა სხვებსაც აჭმევდა, ამიტომ ქუმელა მალე გათავდა და მერე მშივრები მივდიოდით.

    ერთ ღამით სადღაც გავჩერდით. თივის დიდი ზვინები იდგა და იქ ვათევდით ღამეს. მახსოვს, ერთ ქალს მშობიარობა დაეწყო და თივაზე მიწვა. ჯარისკაცმა ცეცხლი მოუკიდა თივას და ქალიანად დაწვა.

    მეორე დედაკაციც მახსენდება: ორი ბიჭი და ერთი გოგო მოჰყავდა. მისი ქმარი ტყეში დარჩენილიყო. ბიჭები ცოტა უფროსები იყვნენ და თავად მოდიოდნენ. ქალს გოგო ხელში ჰყავდა, ტარება უჭირდა უკვე, ბიჭებს ვერ დავტოვებო და გოგო გაიმეტა. ჯარისკაცებმა გაიყვანეს და მოკლეს ბავშვი.

    დაახლოებით ერთი კვირა მივდიდოდით, მშივრები, გაყინულები.

    მერე ერთგან „ვილისები“ დაგვახვედრეს, 10-11 ადამიანი ჩაგვყარეს თითოში და წაგვიყვანეს, სადღაც სლოპცოვსკაიას მიდამოებში ვიყავით, ინგუშეთში.

    დილას „ვილისები“ მატარებლის სადგურში მიიყვანეს. იქ სამი მატარებელი იდგა. ჩამოგვყარეს მანქანებიდან. მემრე გვარ-სახელებს კითხულობდნენ, კითხულობდნენ სოფლებსაც: მაისტი, მითხო, ჯარეგა. და, რა ვიცი, საიდან არ იყო ხალხი. კითხულობდნენ სიას, წერდნენ რაღაცეებს და ხალხს მატარებელში უშვებდნენ.

    „ჩვენ ქართველები ვართ, თელავიდან, ახლავე უფროსთან მიმიყვანეთო“, - ითხოვდა მამაჩემი და მანქანიდან არ გადმოდიოდა. მხოლოდ ჩვენ სამიღა ვიყავით დარჩენილი: მე, ჩემი ძმა და მამა. ჩვენ გარშემო 7 ჯარისკაცი იყო ავტომატებით: „ჩქარა გადადით მანქანიდან, თორემ დაგხოცავთო“, - გვემუქრებოდნენ.

    არც მამა ეპუებოდა: „ჯერ უფროსთან წამიყვანეთო“. ჩვენ შეგვეშინდა „სადაც ამდენი ხალხი მიდის, ჩვენც წავიდეთ“, - ვეუბნებოდით მამას, თუმცა ის უკან არ იხევდა.

    „დავხოცოთ, თუ რა ვქნათო“, - უკითხავს ჯარისკაცს მაიორისთვის და „აბა, ჩემთან მოიყვანეთო“, - უთქვამს მას.

    მიიყვანეს თურმე უფროსთან. მაგიდასთან ისხდნენ. რუსულად მისალმებია მამა.

    „ჩვენ საქართველოდან ვართო“, - უთქვამს.

    „აბა, მანდ რა გინდოდათო?“, - უკითხავს მაიორს.

    „ცოლი მომიკვდა, ობლები დამრჩა და ჩემი ობლებით ხევსურეთში მწყემსად ვიყავიო“.

    „თელავში ვისმეს იცნობ?“

    „როგორ არ ვიცნობ, ბევრს ვიცნობ, თქვენ ვინ იცით?“, - აქეთ უკითხავს მამას.

    „პოლიციის უფროსს თუ იცნობო?“

    „მიშას?“.

    „იმის ცოლს რა ჰქვიაო?“, - უკითხავს ისევ გენერალს

    „მარუსაო“, - უპასუხია მამას.

    „აბა, შენ ჩემიანი ყოფილხარო“, - გახარებია მაიორს და გვერდით მიბრუნებია სამხედროებს: „ეს ხალხი დატოვეთ. მშივრები იქნებიან, პურიც მოუტანეთო“. ახლაც მახსოვს ის დიდი პური და გრძელი თევზი.

    გამოგვიშვეს, თავისუფლები ვიყავით.

    მამამ „ეს ხალხი რომ მიდის, გამოვემშვიდობოთო“. წავედით ისევ ბაქანზე. რამდენიმე ბავშვი იყო დარჩენილი, იქნებ ობლებიც, მამამ ვაგონში შესვა. დაიძრა მატარებლები.

    ჩვენ დავრჩით და გადავრჩით.

    მაიორს მოსკოვში დაურეკავს, მოსკოვიდან თბილისში, თბილისიდან თელავში, ჩვენი გვარიც გადაუმოწმებიათ, ასაკიც.

    გამოგვიშვეს, თუმცა თან ჯაშუში გამოეყოლებინათ. მამამ კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ ქართულად გვესაუბრა. მე მამას კალთაში ვიწექი და ჩამეძინა, მანამდე ჩემი ძმის გაფრთხილება მოვინდომე, მაგრამ ჩასძინებოდა და „გაასწორე, გაასწორეო“, ქისტურად თქვა თურმე. ჯაშუშ ქალს მაიორისთვის ამბავი მიეტანა, ზუსტად ის ხალხია და იმ ენაზე საუბრობდნენ, ვინც გადაასახლეთო.

    კიდევ დარეკეს თბილისში, მაგრამ თელაველობამ გვიშველა (მაშინ ჩვენი ხეობაც თელავის რაიონში შედიოდა). მეოთხე დღეს წამოვედით. ჯარისკაცები ძალიან ბრაზობდნენ, მაგრამ გათავისუფლების ქაღალდი მოგვცეს და გამოგვიშვეს. მთელი გზა, სანამ ჯარეგომდე მივაღწიეთ, ყველა სამხედროს და პოლიციელს ამ ქაღალდს აჩვენებდა მამა.

    სამი-ოთხი დღე კიდევ დავრჩით იქ. საჭმელი არ გვქონდა, ბაზარში გადაყრილ ჭიჭყინას თავებს ვკრეფდით და იმას ვჭამდით. სანამ მითხოში მოვიდოდით, გზადაგზა სოფლებში დატოვებული საჭმელიც გვხვდებოდა. მამამ სადღაც სიმინდი იშოვა, დავღერღეთ ერთგან წისქვილში და იმას ვჭამდით. სადაც ტყე იყო, მამა და ჩემი ძმა ცეცხლს ანთებდნენ, თოვლში ვზელდით ჭადის ფქვილს და ვჭამდით, უმსაც ვჭამდით.

    მე დაღლილობისგან და სიარულისგან დავსივდი, ფეხზე დგომა არ შემეძლო. ნაბადში გახვეული მოვყავდი მამას. ერთგან დამაგორეს კიდეც მთიდან.

    როგორც იქნა, მოვაღწიეთ ჯარეგოს, ყველაფერი რიგზე დაგვხვდა: ცხვარი, ძროხა, ცხენი. გამოვრეკეთ საქონელი ალაქოში და წამოვედით. იქ უკვე აღარაფერი დაგვხვდა. მამამ შატილისკენ წამოგვიყვანა. იქ მაშინ საბჭო იყო. მამას დავალება მისცეს, შემოერიგებინა ტყეში გასული ხალხი. წავიდა მამაც. ერთი კვირა გავიდა, ორი, სამიც... გვეგონა მოკლეს.

    მამასთვის მისიანებს ეჭვის თვალით შეეხედათ, როგორ გადარჩიო. ტყეში გასულთ მისი მოკვლაც სდომებიათ, თუმცა მუხაურებს გადაურჩენიათ. მუხაური ჩვენი იქაური გვარია და ნათესავები გვყავს. ბევრი ხალხის მოყვანა შეძლო მამამ, უმეტესობა შემოირიგეს.

     

    ჩვენ მერეც, კარგა ხანს ხევსურეთში ვცხოვრობდით. ძირითადად არჭილოში და ხახაბოში, ძმადნაფიცებიც გვყავდა იქ.

    გაგიგონია ხახაბო?“, - მეკითხება ეთერი ბებია.

    ვეუბნები, რომ ნამყოფი ვარ. უხარია და პირველად მიღიმის მთელი საუბრის განმავლობაში. არ მიყვარსო ჟურნალისტები, - მეუბნება თავიდან და ლეილა რომ არა (ჩემს მასპინძელს, ლეილა აჭიშვილს გულისხმობს), არც არაფერს მოგიყვებოდიო.

    მერე როგორ ვცხოვრობდი? ხუთი შვილი გავზარდე, ერთი მომიკვდა. მდენი რამე მაქვს გადატანილი, ერთი წიგნი არ ეყოფა. ღმერთის რწმენა რომ არ მქონოდა, ვერ გადავრჩებოდი. ღმერთის ნება არის, რაც ხდება ჩვენს თავზე. „ღმერთო მომეცი მოთმინება“,- დღესაც ასე ვლოცულობ“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]