• მთავრობამ 580 ათასი გამოყო პანკისში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისთვის

    ორშაბათი, 27 მარტი 2017 20:37 view 4745
    მთავრობამ 580 ათასი გამოყო პანკისში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისთვის

    პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

    პროექტი 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას და „ხადორჰესიდან“ სოფელ ძიბახევამდე ახალი 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

    როგორც პანკისის სათემო რადიო WAY–ს სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ განუმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.

    „ხვალ ჩამოვლენ კახეთში ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი ტექნიკური დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ სარეაბილიტაციო პროექტის ტექნიკურ საკითხებს, თუ რა სქემით უნდა მოხდეს რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად პანკისის ხეობაში ელექტროენერგიით მომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს და ის ხარვეზები, რომლებიც დღეისათვის არსებობს გამორთვების ხშირი ოდენობისა და ძაბვის არასათანოდო ხარისხთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. 2016 წლის სექტემბერში, სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა.

    ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტის, ასევე ძაბვის ცვალებადობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიომ 2016–2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატს არაერთი საჩივრით მიმართა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათემო რადიომ ათამდე სიუჟეტი და რამდენიმე გადაცემაც მოამზადა, რომლებშიც მონაწილეობდნენ სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

    ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2011 წლის 5 აგვისტოდან გაკოტრების რეჟიმშია. მანამდე, 2009 წლის იანვრიდან „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი“ ფლობდა, რომელსაც კომპანია ჩამოართვეს იმ მიზეზით, რომ საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ვალების დაგროვება დაიწყო.

    კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დაწყებულია მოლაპარაკებები და კომპანია სავარაუდოდ მალე გაიყიდება.

    ეთერ ფანგანი

    ეთერ ფანგანი

    პანკისის სათემო რადიო WAY-ს რედაქტორი, რეპორტიორი. აშუქებს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]