• პანკისში ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონი უკვე მეორედ ჯოყოლოს სკოლის გუნდი გახდა

    სამშაბათი, 04 აპრილი 2017 14:39 view 5786
    პანკისში ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონი უკვე მეორედ ჯოყოლოს სკოლის გუნდი გახდა

    ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიება პანკისის ხეობაში მეორედ ჩატარდა და მას პარლამენტის წევრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.

    ინტელექტუალური თამაშის სპორტულ ვერსიაში მონაწილეობა დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანისა და დუმასტურის საჯარო სკოლების შვიდმა გუნდმა მიიღო. დასმული შეკითხვები მოსწავლეების ზოგად ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაზე იყო ორიენტირებული.

    ინტელექტუალური თამაშის დაწყებამდე მოსწავლეებმა პროფესიული ორიენტაციის თემაზე გიორგი მოსიძის ლექცია მოისმინეს. ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტისგან მათ ასევე მიიღეს რჩევები თამაშის დროს გუნდური მუშაობის, როლების გადანაწილების და დროის მენეჯმენტის შესახებ.

    ინტელექტუალურ თამაშში დასმული 20 შეკითხვიდან გამარჯვებულმა გუნდმა სწორი პასუხი 13 შეკითხვას გასცა. მეორე და მესამე ადგილებზე კი 10-10 სწორი პასუხით ბირკიანის სკოლის გუნდი „ევრიკა“ და ჯოყოლოს სკოლის მეორე გუნდი „ჯოყოლო“ გავიდნენ.

    პირველ ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად წიგნები გადაეცა, მოწინავე სამი გუნდი კი ვაშლოვანის ნაკრძალში ლაშქრობაში მიიღებს მონაწილეობას. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან რიგით მესამე ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც პანკისის ხეობაში აპრილის ბოლოს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

    გიორგი მოსიძის შეფასებით, თამაშის შედეგები მოსწავლეთა კარგ მომზადებასა და მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს.

    მან პანკისელ მოსწავლეებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ პროექტში „ინტელექტის დღე - 2017“, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. „ინტელექტის დღე - 2017“ მაისში, ჯერ რეგიონულ, შემდეგ კი ეროვნულ დონეზე ჩატარდება.

    ინტელექტუალური თამაში პანკისის ხეობაში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ საერთაშორიო ორგანიზაცია PH International-ის მხარდაჭერით მეორედ ჩაატარა.

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობას საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.

    პროექტის ფარგლებში სოფელ დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ომალოსა და დუმასტურის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ შეიქმნა პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას.

    ახალგაზრულ კლუბში უკვე ჩატარდა ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების და გარემოსდაცვით თემატიკაზე. კლუბის წევრები შეხვდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომლის მხარდაჭერითაც მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებენ.

    პროექტის ფარგლებში სოფელ დუისში ფრენბურთის მოედანიც მოეწყობა, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ტურნირსა და ღონისძიებას უმასპინძლებს. სპორტული ტურნირები ჩატარდება ფეხბურთში, ფრენბურთსა და ჭიდაობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრები და მათი თანატოლები.

    ახალგაზრდული კლუბის წევრებს პანკისის სათემო რადიოს კონსულტანტები შეასწავლიან ახალგაზრდულ საკითხებზე გადაცემების მომზადების ტექნიკას და სპეციფიკას, თემის წევრებთან ეფექტურ მუშაობას. კლუბის წევრები მოამზადებენ გადაცემას „ახალგაზრდების სიტყვა“, რომელიც პანკისის სათემო რადიოს ეთერში გავა.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობაში 2015 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანი ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

    პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]