• პანკისის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

    პარასკევი, 14 აპრილი 2017 17:49 view 4193
    პანკისის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

    პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალის მოსახლეობა ერთ კვირაზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. წვიმის გამო სათავე ნაგებობაში წყალი ბინძურდება და ონკანებში მღვრიე მოედინება. ხშირად მას ბაყაყებიც მოჰყვება. ადგილობრივები იძულებულები არიან, სასმელად ვარგისი წყალი იყიდონ ან მეზობელი სოფლებიდან მოიმარაგონ.

    „წყალი რაშიც იკრიბება, ავზი, ტყეში, სახურავი არ აქვს. მოყვება ბაყაყებიც, მწერები. სარეცხს ვერ გარეცხავ, ჭურჭელს ვერ გარეცხავ. გამგეობიდან რომ მოდიან, მარტო წყალს ითხოვს ხალხი, მაგრამ არაფერი კეთდება“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ყვარელწყალში მცხოვრებმა ცინარი ბაიაშვილმა.

    „საქონელიც არა სვამს, ისეთი მღვრიე წყალი მოდის და ადამიანებმა როგორ უნდა დალიონ? ამიტომ ვისაც გვაქვს საშუალება, მანქანებით მივდივართ სოფლის ბოლოში და იქიდან მოგვაქვს სასმელი წყალი, რომ საჭმელი გავაკეთოთ. წვიმის დროს ყოველთვის ასეთი ამბავია და ყოველთვის მღვრიე მოდის. უგზოობას კიდევ გავუძლებთ, უწყლოდ როგორ გავძლოთ თან ზაფხული მოდის“, - ამბობს მერაბი მესაბლიშვილი.

    „სოფელს ყვარელწყალი კი ჰქვია, მაგრამ უნდა იყოს - ყვარელმშრალი. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ. სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთდა. ყოველ წელს ხდება ფულის გამოყოფა, ვითომ წყალს გავაკეთებთო, მაგრამ საშველი მაინც არ დაგვადგა“, - აღნიშნავს თეიმურაზ წელაური.

    ტოქსიკოლოგების განმარტებით, დაბინძურებული წყალი შესაძლოა გახდეს ნაწლავური ინფექციებისა და ვირუსული დაავადებების – ქოლერას, მუცლის ტიფის, პარატიფის, დეზინტერიის და A ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი.

    „წყლის სიმღვრივესა და სიმკვრივეს მასში ორგანული და არაორგანული წარმოშობის ნაწილაკები იწვევენ. სიმღვრივის მთავარი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ ხელს უწყობს წყალში ბაქტერიების გამრავლებას“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მარიამ გორდაძე.

    სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს პანკისის ხეობაში საკუთარი ინიციატივით ყოველწლიურად ახორციელებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე აღებულ სინჯებში სანიტარული და მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა. სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.

    „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყვარელწყლის მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება, არ გვაქვს. გაწმენდით სამუშაობს ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დავიწყებთ“, – უთხრა პანკისის სათემო რადიოს ახმეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა.

    ყვარელწყალი პანკისის ხეობის ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. იგივე პრობლემა აქვთ ქორეთსა და წინუბანშიც.

    წყლის დაბინძურების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 15 01, რის საფუძველზეც სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის შემოწმებას დაიწყებს.

    დიანა გაურგაშვილი

    დიანა გაურგაშვილი

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს რეპორტიორი. დიანას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]