აქციის ერთ–ერთი ინიციატორის ზურაბ ფილაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდებიან.
სოფელ ჯოყოლოში, მშენებარე ქრისტიანული სალოცავი დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს დაანგრიეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, სალოცავს წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი აშენებდა.
მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ეკლესიის ნანგრევებს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ახმეტის პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს.