• პანკისში ქრისტიანული სალოცავის დანგრევა ახმეტაში აქციით გააპროტესტეს

    პარასკევი, 28 აპრილი 2017 16:55 view 27646
    პანკისში ქრისტიანული სალოცავის დანგრევა ახმეტაში აქციით გააპროტესტეს

    ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.

    "პანკისის ხეობა, რომელიც საქართველოს ძირძველ კუთხეს წარმოადგენს, ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. ხეობა სავსეა სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გარკვეულ მცირე ნაწილში თავი იჩინა ქრისტიანული სარწმუნოებისა და მისი სიმბოლოების მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ, რამაც ორივე მხარის ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია.

    არსებობს საშიშროება იმისა, რომ პროცესები უფრო შორს წავიდეს და მოსახლეობის მხრიდან უკონტროლო ქმედებები მოჰყვეს.

    მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტს, რომლებიც ადასტურებს ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას პანკისის ხეობის მოსახლეობის გარეკვეული ნაწილის მხრიდან.

    სოფელ ჯოყოლოში არსებობს ძველი ადრეფეოდალური ხანის ნამოსახლარი, სადაც შემორჩენილია წმინდა გიორგის ნატაძრალი. ამ ნატაძრალზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცისკარიშვილების ოჯახმა საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. ოჯახის დიასახლისის ზრუნვით ტაძრის კედლები გარკვეულ სიმაღლემდე იქნა აშენებული, მაგრამ ამა წლის 16 აპრილს, აღდგომის დილას, როცა ქალბატონი სალოცავად მივიდა, მშენებარე ტაძარი მიწასთან დახვდა გასწორებული. დაუდგენელი ბოროტმოქმედები აღდგომის ღამეს მივიდნენ ტაძართან და ვანდალურად დაანგრიეს ის. გარდა აღნიშნულისა,

    რამდენიმე წლის წინ, ტბათანას ტყეში აღმართულ ჯვარს ბოროტმოქმედებმა მანქანა დაუბეს და მოგლიჯეს. 2002 წელს ააფეთქეს კვირაცხოვლის ბაზილიკური ტაძარი. ფანჯრის მინები ჩაუმტვრიეს სოფელ ჯოყოლოში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარს, რომელსაც უფრო ადრე ჯვარი ჩამოხსნეს სამრეკლოდან და გადააგდეს.

    ასევე ბალთაგორის კოშკიდან გაქრა მზის სიმბოლოს ბორჯღალის ჩუქურთმა და ბოლნური ჯვარი. აღნიშნული ვანდალური ფაქტები ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ, იწვევს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას, მაგრამ ეს არ შველის არსებული სიტუაციის განტვირთვას, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება.

    დაუსჯელები დადიან აღნიშნული ვანდალური აქტების ჩამდენები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას ზემდგომი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც აქციაზე ახმეტის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ფილაშვილმა წაიკითხა, რის შემდეგაც, მიმართვას პრემიერის, შსს მინისტრის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელზე აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

    ახმეტის ცენტრში, მშენებარე ეკლესიის ეზოში აქციის დასრულების შემდეგ, 200-მდე ახალგაზრდამ სოფელ მატანში, პანკისის ხეობის შესასვლელთან გადაინაცვლა, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ახმეტის სამმართველოს ხელმძღვანელი პირები. მათ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციაზე ისმოდა შეძახილები ეთნიკური ქისტების წინააღმდეგ.

    "თავს წავიდნენ, გამოივლიან და დავუხეთქოთ თავები"; "რაიონში მოსახლეობის 30% უკვე ქისტია, ეს ჩვენი ქვეყანაა"; "ზედ დაგვასხდნენ, გადაგვიარეს"; "წავიდნენ და არაბულ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც არც სიმღერაა და არც ცეკვა";

    არცერთ ამგვარ ხმამაღალ მოწოდებაზე იქვე მყოფ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს რეაქცია არ ჰქონიათ.

    აქციის მონაწილეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში პოლიცია დააკავებს ბოროტმოქმედებს, ვინც პანკისში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს.

    ამ თემაზე: პანკისის სალაფიტური თემის იმამი - ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების დანგრევას

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]