„30 აპრილის, 12:10 საათიდან თელავისა და ახმეტის რაიონების თავზე რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 ერთეული რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.
1-ელ მაისის, 19:24 საათიდან 2 მაისის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების თავზე ეტაპობრივად განვითარდა. I,II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო. ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე 1-ლი აპრილიდან გადავიდა.