ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიები ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 2003 წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ის პანკისის ხეობაში, კერძოდ, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარას ხეობაში ზღვის დონიდან 700-2000 მეტრზე მდებარეობს. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ბაბანეურის ნაკრძალი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთზე, სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვეს ზღვის დონიდან 380-1100 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული.
ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღვის დონიდან 900-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.
ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.