„როგორც ასეთი, რომ თითქოს მე სიძე რუსი მყავს და იქიდან მოდის ეს (სიტუაციის დაძაბვის მცდელობა პანკისში. ავტ), ეს არის მცდარი, ტყუილი. მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, არავისთან.
- ქრისტიანული სალოცავის დანგრევამ დაძაბულობა გამოიწვია. ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა, შემდეგ მატანში, პანკისის შესასვლელში ქართველებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
- მე ვარ მაგის მიზეზი? მე ხმა არ ამომიღია. აბსოლუტურად არაფერი არ მითქვამს. ეხლა რატომ ააგორეს ეს ტალღა, როცა ის დიდი ეკლესია დაანგრიეს, რატომ მაშინ არ ამოიღეს ხმა? ეს წმინდა გიორგის პატარა ნიში იყო. ქვა ქვაზე იყო დადებული და ეს ქვა დავადებინე მე. ცემენტით გავამაგრებინე და ისევ დაანგრიეს. მე აბსოლუტურად არანაირი პრეტენზია არა მაქვს. მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რატომ დაანგრიეს ის ეკლესია წლების წინ და რატომ არ ამოიღეს ხმა იმაზე? ეხლა ეს დადებული ორი ქვა რად გახდა ამ ყველაფრის მიზეზი? რად გამოაბეს ამას კუდი?
- ანუ, თქვენი აზრით ამაზე რეაქცია არ უნდა ყოფილიყო?
- არავითარი რეაქცია არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით იმიტომ, რომ როცა ეკლესია დაანგრიეს ზემოთ, ხმა არ ამოუღიათ.
- ჩვენთან ინტერვიუში ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა თქვა, რომ სალოცავის დანგრევამდე თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, სახლის გადაწვით ემუქრებოდნენო. ასეთი რამ იყო თქვენს მიმართ?
- ვინ არის, ვინ თესავს ამ ჭორებს, ვერ გავიგე. ის ურჩევნიათ საქართველოს მიხედონ, ვიდრე ამ ხალხს შორის შუღლი ჩამოაგდონ.
- ანუ, მუქარა და ზეწოლა თქვენს მიმართ არ ყოფილა?
- არავითარი. მე ძალიან მეგობრულად, ჰარმონიულად ვცხოვრობ“
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ქრისტიანული სალოცავი 15 აპრილს დაანგრიეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო და გაახმაურა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. 28 აპრილს, ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.
ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების დანგრევას და მუსლიმები არ მოიწონებენ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.