• უკრაინაში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე „ზონა“ პანკისში დაკრძალეს

    პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 11:01 view 5226
    უკრაინაში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე „ზონა“ პანკისში დაკრძალეს

    თემურ მახაური, იგივე „ზონა“, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში, საკუთარ ავტომობილში 8 სექტემბერს ააფეთქეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ყვარელწყალში „ზონას“ ცოლი და შვილი ცხოვრობენ.

    აფეთქების დროს, ქართულ ნომრებიან ავტომობილში თემურ მახაურთან ერთად ქალი და 7 წლის ბავშვი იმყოფებოდა. აფეთქებას ორივე მათგანი ცოცხალი გადაურჩა. ქალი მძიმე ტრავმებით რეანიმაციაშია მოთავსებული, ბავშვს კი პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს.

    უკრაინის პოლიცია აფეთქების ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, თუმცა არ არის გამორიცხული დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალოს და გამოძიება ტერაქტის მუხლით გაგრძელდეს.

    „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 13 სექტემბერს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში სწავლობენ იმ ვიდეოს, რომელიც აფეთქებას ასახავს. მედიის ინფორმაციით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში უცნობ მამაკაცს დეტონატორი მახაურის ავტომობილის ასაფეთქებლად. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის სალონში იყო ჩადებული. აფეთქების ადგილზე აღმოჩენილია დეტონატორის და დისტაციური მექანიზმის ნაწილები.

    თემურ მახაურის დაღუპვის შემდეგ განცხადება გაავრცელა უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული სპეცსამსახურები მახაურზე დიდი ხანი „ნადირობდნენ“.

    „ალი ტიმაევი, მეტსახელად თემურ მახაური, 1978 წლის 4 აპრილს, ჩეჩნეთში დაიბადა. ის ყველა საშუალებით იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. მუდმივად უთვალთვალებდნენ რუსეთის ფედერაციის და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურები. 1999-2000 წლებში მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში დაღესტანში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა. 2008 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს მხარეს. მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ რუსული სპეცსამსაახურები. მასთან მიმართებაში ჩადენილი იქნა სამი მკვლელობის მცდელობა. მისი აფეთქება სცადეს 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში. მაშინ მან გადარჩენა მოახერხა“, - აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

    უკრაინული მედია წერდა, რომ თემურ მახაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და უკრაინაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ლორთქიფანიძე ოდესის ოლქში პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

    2012 წელს, თემურ მახაური თურქეთში, ჩეჩენი ოპოზიციონერების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და 2016 წელს ციხიდან გამოუშვეს. ამის შემდეგ ის უკრაინაში ცხოვრობდა. 2017 წლის იანვარში, კიევში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული.

    თემურ მახაური შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში 2016 წლის 30 აპრილიდან 2017 წლის 6 აგვისტომდე ირიცხებოდა, რომელიც დონბასში უკრაინის მხარეს იბრძვის. მახაურის მეგობრის განცხადებით, ის ასევე იბრძოდა ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში და რამზან კადიროვი მას „პირად მტერს“ უწოდებდა.

    თემურ მახაურს რამდენიმე სახელით და გვარით იცნობდნენ – რუსლან პაპასკირი, ალი ტიმაევი, „ზონა“ და ა.შ. მისი სახელი 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც გაჟღერდა. არსებული ინფორმაციით, ის ჩართული იყო უცხო ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოყვანასა და გაწვრთნაში, რომლებსაც შემდეგ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფში აწევრიანებდნენ. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]