„ყოველდღიურად 500-მდე მანქანა მოძრაობს და მტვერი სახლებში შემოდის, ფანჯარასაც ვეღარ ვხსნით, გარეთ ვეღარ გამოვდივართ. წვიმიან ამინდებში გზაზე ვერ გაივლი, გუბეებით არის სავსე. რამდენჯერმე მივმართეთ გამგეობას, მოვალთ, გავაკეთებთო, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. გზა რამდენჯერმე გადავკეტეთ. გადაგვკიდეს ერთმანეთს ალაზნის გაღმა მდებარე სოფლების მცხოვრებლებს. ან ხიდს ჩავკეტავთ, ან რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ, სხვანაირად აქ ცხოვრება ძალიან გართულდა“, - ამბობს ჯოყოლოში მცხოვრები ზაურ მუთოშვილი.
„სარეცხი ვერ გაგვიფენია, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვიყვანია, რადგან მტვერია. გზა გადავკეტეთ, რადგან არ შეიძლებოდა გარეთ გამოსვლა, მტვრის ისეთი ბუღი იდგა. სხვა სოფლებიდან აჯანყდნენ, რატომ გადაკეტეთო. იმიტომ გადავკეტეთ, რომ ხელისუფლებისგან ვითხოვდით, რადგან ვიწრო შიდა საუბნო გზა ცენტრალურ გზად აქციეს, ასფალტი მაინც დაეგოთ. პოლიცია მოვიდა და გზა გაგვახსნევინეს. ახლაც იმავეს ვითხოვთ, თუ არადა იმ გზას საერთოდ გადავკეტავთ. თუ არ გააკეთებენ, არ გავხსნით, ჩაგვყარონ ციხეში“, - აღნიშნა თენგიზ დაქიშვილმა.
ჯოყოლოს მცხოვრებლებს გზის მოასფალტებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. „იმედი გვქონდა, რომ არჩევნებამდე გააკეთებდნენ, მაგრამ თუ არ გააკეთეს „ქართული ოცნება“ ჩვენგან ხმას ვერ მიიღებს. არჩევნებამდე დაველოდებით, შემდეგ კი გზას ისევ გადავკეტავთ“, - ამბობს გივი დაქიშვილი.
ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან, ასევე ბირკიანის და ჯოყოლოს სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2017 წლის 24 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში კონპანია „გზამშენ გრუპმა“ გაიმარჯვა. ბიუჯეტიდან სამუშაოებითვის საერთო ჯამში 260 ათასამდე ლარი გამოიყო.
„გზამშენ გრუპის“ დირექტორმა, ბაჩანა ცეკვავამ პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაცია უამინდობის გამო გაჭიანურდა. მისივე თქმით, სამუშაოები, რომელიც დღეს დაიწყო, ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.