• ლიკვიდირებულის ფოტოდან ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს

    სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 13:10 view 4660
    ლიკვიდირებულის ფოტოდან ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს

    მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.

    „ცხედარი სასტიკად არის დაზიანებული, მაგრამ თავის, ყურის და პროთეზის, ასევე იმ ინფორმაციის მიხედვით, რომლის მოპოვებაც ჩვენ შევძელით, ის ნამდვილად ახმედია. 

    როგორც გამოვარკვიეთ, ის საქართველოში დიდი ხნის შემოსული არ არის. დაახლოებით ერთ თვეზე მეტია აქ იმყოფებოდა, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად. ისინი აპირებდნენ საქართველოში გამოეზამთრებინათ, რის შემდეგაც აქედან გასვლას და „კავკასიის იმირატში“ დაბრუნებას გეგმავდნენ“, - უთხრეს ჩატაევის ახლობლებმა სააგენტო „რეგინფოს“.

    „რეგინფო“ დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ნამდვილად ახმედ ჩატაევია, დაკრძალავენ თუ არა მას პანკისის ხეობაში, სადაც მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობენ. ახლობლების თქმით, მუსლიმური წესის მიხედვით, ისინი მუსლიმურ სასაფლაოზე მის დაკრძალვაზე უარს ვერ იტყვიან. „თუ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნამდვილად ის არის, ალბათ დღის წესრიგში დადგება მისი დაკრძალვის საკითხი. არ გვაქვს ჯერ გარკვეული ცოლის ოჯახში მიიღებენ თუ არა სამძიმარს, მაგრამ მის დაკრძალვას არ მოვერიდებით“, - აღნიშნეს ჩატაევის ახლობლებმა.

    ასევე, ახმედ ჩატაევის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი, რომლის ვინაობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ამჟღავნებს, სურხო დუდაევი იყოს, შესაძლოა, მას სახელი შეცვლილი ჰქონდეს.

    37 წლის სურხო დუდაევი ლაფანყურის საქმის მონაწილეა. ის, 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში შესული 17 კაციანი შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა. ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დაწყებამდე სურხო დუდაევი, ჯგუფის კიდევ ერთ წევრ „აბუ ჰამზასთან“ ერთად ახლდა ახმედ ჩატაევს, რომელიც ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობამ თბილისიდან ლაფანყურში შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკების მიზნით ჩაიყვანა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სურხო დუდაევმა, ჯგუფის დანარჩენ გადარჩენილ წევრებთან ერთად საქართველოს დატოვება და თურქეთში გადასვლა ყოფილი ხელისუფლების დახმარებით მოახერხა. ის ახმედ ჩატაევთან მეგობრობდა და სავარაუდოდ 2014 წლის ბოლოდან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება „იარმუკის“ წევრი იყო, რომელსაც ჩატაევი ხელმძღვანელობდა და რომელიც ძირითადად ჩრდილოკავკასიიდან, ასევე საქართველოდან სირიაში წასული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

    პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატ იმედა ქარქაშაძისგანცხადებით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ის ან სურხო დუდაევია ან საედდუდაევი.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერიახმედ ჩატაევი. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართულები.

    არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის სამიზნე ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა ახმედ ჩატაევმა თავი მას შემდეგაიფეთქა, რაც ბინიდან გამოქცეული შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ისროდა, სამართალდამცავებმა ეზოში მოკლეს. ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს აფეთქების შედეგად დანაწევრებული ცხედარი და ფეხის პროთეზი. ცნობილია, რომ ჩატაევს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად, მარცხენა ფეხი მოკვეთილი ჰქონდა და პროთეზს ატარებდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]