„ორ ღამეში დადგეს ანძა, ისე რომ ვერ გავიგეთ. ერთი კვირის წინ, ანძის აღების და სხვაგან გადატანის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ. რაიონის გამგებელი დაგვპირდა, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ანძა ისევ აქ დგას. მოვითხოვთ, რომ ეს ანძა სხვაგან გადაიტანონ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით“, – აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ რუსუდან ტერტერაშვილმა.
აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ და ავტომობილებს არ ატარებდნენ. გზა პოლიციელების ჩარევის შემდეგ გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ახმეტის სამმართველოს და კახეთის პოლიციის დემარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც.
„გამგეობამ „ჯეოსელს“ ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, მაგრამ მათ ანძის გადატანაზე უარი თქვეს. ისე კი წარმოდგენილი აქვთ ყველა დოკუმენტი, სადაც წერია რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ხალხი ამ დასკვნებს არ ენდობა და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს“, – უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ მატანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ქიტესაშვილმა.
აქციის მონაწილეებს ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაურიც შეხვდა. მისი თქმით, უკვე გამოსცა შესაბამისი ბრძანება, კომპანია „ჯეოსელის“ ანძის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ანძას ვერ აამუშავებს.
„თუ „ჯეოსელი“ მაინც არ გადაიტანს ანძას სხვა ადგილზე, სასამართლოს მეშვეობით მოხდება მისი აღება და დემონტაჟი“, – დაპირდა ახმეტის გამგებელი აქციის მონაწილეებს.