• ხელისუფლება სოფელში მძინარე ადამიანებს ეხსმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს - თამთა მიქელაძე

    ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 01:41 view 4155
    ხელისუფლება სოფელში მძინარე ადამიანებს ეხსმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს - თამთა მიქელაძე

    „ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ მოახერხა აღეკვეთა ან დაუშვა საქართველოში დიდი ოდენობის იარაღით ადამიანების შემოსვლა, გადაადგილება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნიდა მომხდართან დაკავშირებით, დღეს, ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით პანკისში დაკავებული პირების აყვანის სპეცოპერაციას ატარებს და ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, მისივე საძინებელში ერთი შეხედვით აშკარად არაპროპორციულ ძალას იყენებს“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

    მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკავებული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, გაუგებარია რატომ იყო აუცილებელი ამ პირების დასაკავებლად დემონსტრაციულად ძალადობრივი და მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება და მათი დაკავების დიდ ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლურ აქტად ქცევა? რამდენად აუცილებელი, ლეგიტიმური და პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ მისივე საძინებელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და ლეტალური სახის ზიანის მიყენება?

    „მომხდარზე დღეს სუს-ის მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებების მიუხედავად, მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ როგორ გახდა შესაძლებელი სახელმწიფო უწყებების კონტროლის მიღმა ამ რაოდენობის იარაღის შემოტანა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. ამ პირობებში პანკისში დაკავებული პირების მიმართ ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამ კითხვების გადაფარვას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

    მიქელაძის თქმით, „პანკისი, როგორც მტრის ხატი ხელისუფლებას აძლევს „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების შესაძლებლობას, რომელშიც მას ტოტალური, უკონტროლო მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა და ამ ხატს ის სწორედ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებისთვის იყენებს".

    „წლების განმავლობაში სახელმწიფო თავის არსებობას პანკისის ხეობაში არსებითად მხოლოდ ძალის დემონსტრირებით აჩვენებს. ხეობაში მოქმედების სხვა ენა და ფორმა სახელწიფოს არ გააჩნია. ცხადია, რომ ეს რეპრესიული გამოცდილება ადგილობრივ თემს აუცხოებს პოლიტიკური სისტემისგან და იზოლაციას აძლიერებს“.

    თამთა მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვის პროცესის სრული გასაიდუმლოების პირობებში, როგორც მისი თქმით, ეს ყველა მსგავს საქმეზე ხდება, სიმართლეს ვერც გავიგებთ: „რაც პანკისში მოხდა, არ არის მხოლოდ ქისტი თემის პრობლემა. ის არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რადგან როგორც ჩანს, სახელმწიფო თვლის, რომ ზოგიერთები ადამიანები არ არიან ან ნაკლები ადამიანები არიან და მას მათზე უკონტროლო ძალაუფლება აქვს“.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]