• ირმა ინაშვილი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პანკისში მოსახლეობას შეხვდა

    შაბათი, 30 დეკემბერი 2017 17:38 view 5997
    ირმა ინაშვილი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პანკისში მოსახლეობას შეხვდა

    „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოსა და დუისში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ესაუბრა.

    შეხვედრაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლებიც იყვნენ.

    როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ის ხეობაში ჩავიდა როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკოსი. დუისში შეხვედრას ესწრებოდა ახმეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი. მისი თქმით, შეკრებილებმა ირმა ინაშვილს სთხოვეს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს გამოიძიებს.

    „რატომ ხდება ახალ-ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი სახის ოპერაციების ჩატარება და ჩვენი ახალგაზრდების ხოცვა? ირმა ინაშვილს, როგორც პარლამენტის ვიცესპიკერს, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ,მისი ინიციატივით პარლამენტში მოხდეს საკითხის დაყენება, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გამოიძიონ ეს საქმე. ის დაგვპირდა, რომ საკანონმდებლო ორგანომდე ამ ყველაფერს მიიტანს და მაქსიმალურად ეცდება ჩართული იყოს პროცესებში. ის ინფრასტრუქტურა გასაგებია, რაც გაკეთდა ხეობაში, მაგრამ ჩვენ რაში გვჭირდება ინფრასტრუქტურა, როცა ოჯახებში შემოგვიცვივდებიან და დაგვიხოცავენ. ნებისმიერი ინსპექტორი რომ მისულიყო ამ ოჯახში და თემირლანი პოლიციაში დაებარებინათ, სადაც არ უნდა ყოფილიყო,გამოცხადდებოდა. მოვითხოვთ, რომ ის დამნაშავე, ვინც ჩაატარა ეს სპეცოპერაცია, ვისაც უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს“, - განაცხადა მათე ქავთარაშვილმა.

    „16-17 წელიწადი ტერორისა და წნეხის ქვეშ ყოფნა ძალიან ცუდია. როგორ გვიხდება ბრძოლა, რომ მივაწვდინოთ ხმა, რომ არ ვართ ისეთები, რასაც გვეძახიან. თაობები გაიზარდა ამით. ახალგაზრდა ვიყავი გროზნოდან რომ ჩამოვედი, აქ დავბერდი და ამ წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ მთელი ჩვენი ცხოვრება. ნუთუ თვითონ არ აინტერესებთ, რომ საქართველო წყნარი იყოს. რატომ ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს? რატომ იღებენ სხვის დაკვეთებს? საკუთარ პრესტიჟს, საკუთარ ქვეყანას რატომ არ უფრთხილდებიან? აი, ეს მიაწოდეთ“, - აღნიშნა შეხვედრაზე ოსმან ალდამოვმა.

    ირმა ინაშვილმა შეკრებილებს გამოძიების დასრულებამდე ემოციური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

    „ნაადრევი და ემოციური განცხადებები ყოველთვის ცუდია. თქვენი ხალხი იმით გამოირჩევა, რომ სიბრძნე აქვს დიდი. ამ სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ და ის სიმართლე თუ სათქმელი რაც არის, მივაწოდოთ. მეორე საკითხია გამოძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ვერავინ ვერ ჩაერევა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ყველას მინდა გისურვოთ მხნეობა, გაძლიერება და იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს იქნება ბოლო ასეთი აფორიაქება ხეობაში. მინდა გისურვოთ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, რომ არც თქვენ გქონდეთ რეჩხი გულში, ასე უმადურეად რატომ გვექცევით ქისტებსო და არც ჩვენ გვქონდეს გულში თქვენდამი ბოროტება. დები და ძმები ვართ. ამ ხეობაზე იდგა საქართველო. თქვენ იცავდით ამ საზღვარს და დღესაც საქართველოს შვილები ხართ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

     

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავა. დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. სპეცოპერაციისას სპეცრაზმა თავის არეში დაჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ახალგაზრდას მისივე საძინებელ ოთახში შესვლისთანავე, მძინარეს ესროლეს. ოჯახი დაჭრის ფაქტის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით პანკისის ხეობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]