• EMC თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

    ორშაბათი, 08 იანვარი 2018 23:18 view 3645
    EMC თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს და მთავარ პროკურატურას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

    განცხადებაში EMC ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ:

    თემირლან მაჩალიკაშვილს სსკ-ის 331 პრიმა მუხლით  მიმდინარე საქმეზე რაიმე პროცესუალური სტატუსი არ გააჩნია – იგი არ არის დაკავებული ან ბრალდებულად ცნობილი, რაც მას/მისი ინტერესების დამცველს გამოძიების კონტროლისა და გამამართლებელი მტკიცებულებების გონივრულ ვადაში მოპოვების საშუალებას ართმევს. შესაბამისად, ამ პირობებში მის მიმართ საჯაროდ წარმოდგენილი ბრალდების კრიტიკისა და თავის დაცვის ფორმალური საფუძველი თემირლან მაჩალიკაშვილის დამცველებს არ გააჩნიათ და ეს იმთავითვე უთანასწორო მდგომარეობაში  აყენებს ბრალდებისა და დაცვის მხარეს;

    სსკ-ის 331 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირს შეცნობილი აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორისტად მიჩნეული პირისთვის დახმარების გაწევის ფაქტი. გასაჯაროებული ვიდეო მასალა კი ცალსახად ვერ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების ფაქტს. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უთითებს, რომ ვიდეოში ასახული ჩეჩენი ეროვნების პირები შ. ბორზიევისა და ა. სალტანხმადოვის მანამდეც, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, მათ შორის, პანკისის ხეობაში და მათთან კომუნიკაცია კერძო პირების დიდ წრეს ექნებოდა. ამასთან, თუ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებადი იყვნენ/უნდა ყოფილიყვნენ ტერორისტულულ ორგანიზაციასთან, პირველ რიგში ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა იყო.

    სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბერი სალოსის ქუჩაზე არსებულ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების აღმოჩენაზე და ამოღებაზე დამატებით მტკიცებას საჭიროებს. აგრეთვე უფრო მყარ მტკიცებულებებს საჭიროებს სუს-ის მითითება, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ფულადი თანხის ამოღების თაობაზე, რადგან ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ამოღებული თანხა გერმანიაში მცხოვრები ქალიშვილის მიერ სახლის შესაძენად იყო გამოგზავნილი.

    მთლიანობაში მაჩალიკაშვილის პროცესუალური სტატუსის მიღმა დატოვებასთან ერთად, სუს-ის მიერ აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელება მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ინტერესზე მტკიცების არასათანადო სტანდარტით ისაუბროს მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და ამ გზით გადაფაროს ის კრიტიკა, რომელიც პანკისის ხეობაში დემონსტრაციულად მასშტაბური და ძალადობრივი სპეცოპერაციისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ აშკარად სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტის მიმართ არსებობს.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პროკურატურას მოუწოდებს სრულყოფილად გამოიკვლიოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ლეტალური ძალის ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის, ასევე მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო მომსახურების დაგვიანების საკითხი და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა.

    უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე დროულად უზრუნველყოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება და საპროცესო დამაგრება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება, რელევანტური პირების გამოკითხვა და საჭირო ექსპერტიზის ჩატარება;

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად დროულად უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადვოკატებს მონიტორინგი გაუწიონ და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე გამოძიების პროცესში. ამასთან, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოაქვეყნოს გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია;

    სსკ-ის 331 პრიმა მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და საქმეზე საჯარო კომუნიკაციის დროს სუს-მა დაიცვას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თემირლან მაჩალიკაშვილი სრულად აღჭურვოს შესაბამისი პროცესუალური უფლებებით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]