• პანკისის სათემო რადიო FM 101.1–ზე და ფოლკლორის ფესტივალი ხადორში

    პარასკევი, 26 აგვისტო 2016 18:18 view 7247
    პანკისის სათემო რადიო FM 101.1–ზე და ფოლკლორის ფესტივალი ხადორში

    პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.

    რადიოში ამჯერად მხოლოდ მუსიკა ისმის, თუმცა სექტემბრიდან ეთერში საინფორმაციო და საავტორო გადაცემებიც გავა.

    „რეგიონული და საერთო ეროვნული მედიის ჟურნალისტები ხშირად მხოლოდ ნეგატიურ ამბებს აშუქებდნენ. ამან ხეობის უარყოფითი იმიჯი კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრი დადებითი და პრობლემური საკითხი ყურადღების მიღმა რჩებოდა. სათემო რადიო ეცდება დადებითიც მოყვეს და ეს ნეგატიურიც არ დამალოს.

    ჩვენი მოტივაცია და მიზანი არის ის, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები, ეს უნდა იყოს სახლი ნებისმიერი ახალგაზრდის ჯანსაღი აზრის გახმოვანებისთვის, უნდა იყოს მათი თავშეყრის, იდეების და პრობლემებზე მსჯელობის ადგილი. ხეობას ტრადიციებიდან გამომდინარე არ უყვარს საკუთარი პრობლემების წარმოჩენა, ადვოკატირება. სათემო რადიო იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, რომ ჩვენ გავიხსნათ გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან“, – აღნიშნავს შორენა ხანგოშვილი, პანკისის სათემო რადიო WAY-ის რედაქტორი.

    „გუშინ ვიყავით ტბათანაზე და იქაც იჭერს. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა სადღაც, მთაში გესმის რადიო WAY–ის სიგნალი. გილოცავთ ყველას. ძალიან დიდი ამბავი და წარმატებაა ეს და მინდა, გისურვოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი და მოხალისე მოიზიდოთ. მინდა რომ თქვენი მუხტი, ჟინი და პროფესიონალიზმი მეტ ახალგაზრდას გადაწვდეს ამ ხეობაში“, – განაცხადა ქეთი ბაქრაძემ, USAID GEORGIA–ს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საკითხებში.

    პირველი გადაცემა, რომელსაც პანკისის სათემო რადიოს გუნდი მოამზადებს „ჩემი უფლებებია“. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა და მისი მიზანი პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობაა.

    „გადაცემის მომზადების გარდა, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებათა საკითხებზე განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა, პანკისის სათემო რადიოს ოფისში მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. ამასთან, სათემო რადიო გამოავლენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იურისტების ჩართულობით მოხდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი და რეკომენდაციების მიწოდება. პროექტი ითვალისწინებს შეხვედრების გამართვას ეთნიკურ უმცირესობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის“, – ამბობს გელა მთივლიშვილი, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელი.

    სათემო რადიოში ჟურნალისტური საქმიანობის გარდა მოხალისეების და სათემო აქტივისტების გადამზადებაზეც ზრუნავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მარტიდან ივლისის ჩათვლით სათემო რადიოს ბაზაზე სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებდა, სადაც სხვადასხვა მიმართულებით 200–მდე ახალგაზრდამ პრაქტიკული უნარ – ჩვევები შეიძინა. კომპიუტერული პროგრამების და ბუღალტერიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    სათემო რადიოს პრეზენტაციის პარალელურად „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით, პანკისის ხეობაში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. პრესტურის ფარგლებში ქართული და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ ჯოყოლოს მეჩეთში მოესმინათ ტრადიციული რელიგიური საგალობელი, დაეთვალიერებინათ ხადორის ჩანჩქერი და საღამოს ქართული და ვაინახური ფოლკლორის ფესტივალს დასწრებოდნენ, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქისტი, ხევსური, ფშაველი, დუშელი და საქართველოს სხვა კუთხეებიდან მოწვეული შემსრულებლები. ფესტივალი ვაინახური სამზარეულოს გაცნობით დასრულდა.

    „წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პანკისის ხეობაში რამდენიმე საინტერესო ღონიძიება განხორციელდა. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა პანკისში კულტურული თვითმყოფადობის განვითარებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით ღონისძიებების მხარდაჭერა. ამ ულამაზეს ადგილზე, ხადორში სწორედ ასეთი ფესტივალის ჩატარება, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო და უფრო მეტი სტიმულის მიმცემი იქნება და მომავალშიც საფუძველს უფრო ბევრ საინტერესო ინიციატივას ჩაუყრის“, – აღნიშნა ირინე საგანელიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

    „ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. ამდენი ახალგაზრდა ერთად თავმოყრილი ამ ბოლო დროს არც მინახავს და ეს არის ყველაზე საყურადღებო“, – აღნიშნა პანკისში მცხოვრებმა ქალბატონმა.

    პანკისის სათემო რადიო WAY გეგმავს, რომ ხადორში, ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალის ჩატარება ტრადიციად აქციოს.

    მადლობას ვუხდით გოგა ჩანადირს ფოტოების მოწოდებისათვის

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]