როგორც პანკისის სათემო რადიო WAY–ის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ცენტრში იფუნქციონირებს პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყველა სერვისი, მათ შორის შესაძლოა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოძრავი ბრიგადაც განთავსდეს.
პანკისის ხეობის მაცხოვრებლები სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობას დადებითად აფასებენ.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად ახლაც ახმეტაში გვიწვეს ჩასვლა, ან იქიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამოსვლა. პანკისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა აღარაა განთავსებული. ახმეტიდან პანკისამდე ამოსვლას 20 წუთზე მეტი სჭირდება, კიდევ უფრო ზემოთ მდებარე სოფლამდე, მაგალითად, ომალომდე ან ძიბახევამდე, 30–40 წუთამდე. ამასობაში კი ავადმყოფი, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება, შესაძლოა დაიღუპოს. ამ ცენტრის აშენება და ფუნქციონირება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ბელა მუთოშვილი, სოფელ ჯოყოლოს მცხოვრები.
სოფელ დუისის მკვიდრი ელდარ ბაღაკაშვილი მიიჩნევს, რომ პანკისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობის ნაწილს ახმეტაში ან თელავში ჩასასვლელად ხშირად გზის ფულიც არ აქვს: „ხეობაში ათზე მეტი სოფელია და ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ რაიონულ ცენტრებში იაროს. ეს ცენტრი ბევრ რამეს დადებითად გადაწყვეტს“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის განცხადებით, გამგეობამ ჯანდაცვის სამინისტროს პანკისში სამედიცინო ცენტრის მშენებლობის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა.
„მოსახლეობას ძალიან უჭირდა ახმეტაში, თელავში ან სხვაგან სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლა. მალე უკვე დუისშივე მოხდება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. ამაში იგულისხმება ქირურგიული ჩარევაც, ქირურგიული ბლოკიც იქნება. არ იქნება სტაციონარი, რომ პაციენტი დიდხანს გაჩერდეს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თუ საჭირო იქნება სტაციონარში გადაიყვანენ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში ადგილობრივებიც დასაქმდებიან“, – აღნიშნა მათე ქავთარაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ყვარელმშენი 52“ აწარმოებს.