• თემირლან მაჩალიკაშვილის ვენაში გადაყვანა ავსტრიის შს მინისტრმა შეაჩერა – Kronen Zeitung

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 11:46 view 3173
    თემირლან მაჩალიკაშვილის ვენაში გადაყვანა ავსტრიის შს მინისტრმა შეაჩერა – Kronen Zeitung

    პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემამ სტატია 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.

    Kronen Zeitung წერს: „საქართველოს მთავრობას სურდა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ტერორისტი გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ავსტრიაში გადაეყვანათ, რაზეც ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაგები უარი განაცხადა“.

    „დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილისთვის ავსტრიაში შემოსვლის ნება მიგვეცა. ვენაში მისი მკურნალობა სერიოზული საფრთხე იქნებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის“, – ციტირებს გამოცემა მინისტრ ჰერბერტ კიკლის კომენტარს. მისივე თქმით, პაციენტის გათავისუფლების ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკი ძალიან მაღალი იყო.

    როგორც Kronen Zeitung–ი წერს, ქართველი პაციენტი მხარს უჭერდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავსტრიაში კარგად ცნობილ ფანატიკოსს, ტერორისტ ახმედ ჩატაევს.

    „ჩეჩნები ავსტრიაში 2003 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდნენ სოციალური დახმარებითა და მინიმალური შემოსავლით. შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ცალხელა და ცალფეხა მეთაურმა ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში იბრძოდა. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩატაევმა, რომელმაც გარანტირებული შემოსავლის სახით ვენაში 80 000 ევრო მიიღო, სტამბულის აეროპორტში სისხლიანი თავდასხმა დაგეგმა: 2016 წლის ივნისში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 45 ადამიანი მოკლა. 22 ნოემბერს, დაკავებამდე თბილისში მან თავი აიფეთქა“, – ნათქვამია სტატიაში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს მას ესროლეს. თემირლანის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. მშობლების თქმით, თემირლანის ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცავებმა დადეს მათი შვილის დაჭრის შემდეგ.  

    მაჩალიკაშვილი 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. მშობლები სამკურნალოდ მის გადაყვანას უცხოეთის კლინიკაში ითხოვდნენ. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მაჩალიკაშვილს თურქეთში გადაიყვანდნენ, თუმცა 10 იანვარს, დილით მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ სხვა პირებთან ერთად დახმარებას უწევდა ახმედ ჩატაევს და მის თანამზრახველებს. სუს-მა ვიდეომასალაც გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან იბრაგიმ ადაშევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის, თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია, როდის არის გადაღებული ეს ვიდეო. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში პანკისის ხეობაში ხშირად იმყოფებოდნენ. მათ სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]