• ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს - სოზარ სუბარი

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 16:24 view 3063
    ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს - სოზარ სუბარი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა. მისი თქმით, სპეცოპერაცია აუცილებელი იყო და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა.

    „იმ სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმულები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

    ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეთ ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში.

    სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, გამოძიების დასრულებამდე ამ კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

    პანკისის ხეობასა და თბილისში 26 დეკემბერს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 10 იანვარს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და პროკურატურისგან საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვენ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი და დაკავებული პირები დაკავშირებული არიან ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

    „გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.

    რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]